ბოლნისში I საერთაშორისო ფორუმი – “ადგილობრივი თვითმმართველობები ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად“ გაიმართა

408

ბოლნისში პირველი საერთაშორისო ფორუმი – “ადგილობრივი თვითმმართველობები ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად“ გაიმართა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების პოტენციალისა და როლის განსაზღვრა აგრობიზნესისა და სოფლის განვითარებაში.

“ძალიან საინტერესო გამოსვლები იყო როგორც თვითმმართველობის, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთი ტიპის ფორუმები ჩატარდა კახეთში, რაჭაში, იმერეთში. თითოეულმა ამ ფორუმმა რეგიონებს მოუტანა საინტერესო ახალი კავშირები, მუნიციპალიტეტებმა ახალი ინვესტორების მეტი ყურადღება მიიქციეს, უფრო მარტივი გახდა მათთან იმ პოტენციალზე საუბარი, რაც გააჩნია თითოეულ რეგიონს“,- აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიებას რეგიონული და ცენტრალური ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ფორუმში მონაწილეობას, საქართველოს, უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვას, სომხეთისა და აზერბაიჯანის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და “მერების ეკონომიკური ზრდისთვის” სამდივნო იღებენ.

ფორუმის მეორე დღე, 14 ივნისი, სიტყვით გამოსვლებსა და დისკუსიას დაეთმობა, გაიმართება ადგილობრივი ღვინისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა და სხვა სახის ღონისძიებები.

ამასთან, განხილული იქნება სოფლისა და სოფლის მეურნეობის სწორ მარკეტინგზე, თანამშრომლობაზე, გენდერულ თანასწორობაზე, კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ახალ შესაძლებლობებზე დაფუძნებული განვითარება.

კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ დისკუსიაში, გაეცნონ ბოლნისის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებს, ეწვიონ მთავარ ტურისტულ ატრაქციებს და ითანამშრომლონ ერთმანეთთან.

“ფორუმი დაფუძნდა მიმდინარე წელს და გულისხმობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გამოცდილების გაზიარებას ადგილობრივ თვითმმართველობებს, ბიზნესსექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას და ექსპერტებს შორის. მიმდინარე წელს ფორუმი მიეძღვნება ადგილობრივ-ეკონომიკურ განვითარებას დაფუძნებულს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებაზე“, – განმარტავენ სამინისტროში.