კალაძე: პრობლემურ ადგილებში აშენებული შენობა-ნაგებობების წინააღმდეგ მერიას ბერკეტი არ აქვს

1096

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ზოგიერთ ადგილზე არსებული შენობა-ნაგებობები შეიძლება პრობლემური იყოს, თუმცა მერიას ამ შემთხვევაში არანაირი ბერკეტი არ აქვს. ასე გამოეხმაურა კახა კალაძე, 13 ივნისის შემდეგ ვერეს ხეობაში მიმდინარე მშენებლობების საკითხს. ერთ-ერთი შენობა, რომელიც სპეციალისტებს საფრთხის შემცველად მიაჩნიათ, 5-სართულიანი კორპუსია. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

კახა კალაძის თქმით, ამ კორპუსის მშენებლობაზე ნებართვა 2013 წელს გაიცა.

“ჩვენ როდესაც მოვედით მთავრობაში, უკვე აშენებული იყო ეს შენობა-ნაგებობა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც ე.წ. ცხაურები დამონტაჟდა, უკვე არსებობს კონკრეტული ადგილები, რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენს. ეს კონკრეტული ადგილი კი, რომელზეც კითხვა დამისვით, მგონია, რომ პრობლემურია, რადგან პირდაპირ გვირაბის თავზეა აშენებული. მშენებლობა დამთავრებულია ფაქტობრივად”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ვერეს ხეობაში არსებობს ისეთი ადგილები, რომელიც პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ისეთი მონაკვეთებიც არის, რომლებიც მშენებლობისთვის საშიშია და იქ მერია ვერ და არ გასცემს მშენებლობის ნებართვებს.

“დაზღვეული არავინ არის. როდესაც სტიქია ხდება, ამის პრევენცია ზოგადად შეუძლებელია, თუმცა რეკომენდაციები, რომელიც იყო, მაგალითად სიგნალიზაციის სისტემა, გაკეთებულია, შესაბამისი ცხაურები გაკეთებულია, ეს რამდენიმე მილიონი დაჯდა”, – აღნიშნა თბილისის მერმა.

შეკითხვაზე, რა ბერკეტი აქვს მერიას იმ ნაგებობებთან მიმართებით, რომელიც შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს, მერმა უპასუხა:

“ერთადერთი უნდა გამოასახლო ეს ადამიანები და დაანგრიო ის შენობა-ნაგებობა, ეს არის ბერკეტი. ძალიან რთული თემაა. ასეთი მიდგომით ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობაა ქალაქში, არა მხოლოდ ვერეს ხეობაში, რომელიც ურბანული თვალსაზრისით მიუღებელია, მიუღებელი იყო ამ შენობებისთვის ნებართვების გაცემა, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში. სამწუხარო რეალობა გვაქვს ჩვენ ამ თვალსაზრისით და ის მიდგომა, რომ მოდი ახლა ყველა დავანგრიოთ რომელიც არ მოგწონს და რომელიც არასწორად არის გაკეთებული, არ ვიცი ამისთვის აქვს რესურსი ქვეყანას?!”, – განაცხადა კალაძემ.

დღეს 13 ივნისის სტიქიიდან 4 წელი გავიდა.