თბილისში 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოტის ქანდაკებას 2020 წლის 13 ივნისისთვის დადგამენ (ესკიზები)

323

წინა სტატია

თბილისის მერიამ 13 ივნისის სტიქიის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოტ “ბეგის” ქანდაკების ესკიზები წარადგინა. “ბეგის“ ქანდაკების დადგმა 2020 წლის 13 ივნისს იგეგმება.

ქანდაკების ესკიზის შესაქმნელად კონკურსი 3 აპრილს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ავტორს ან ავტორთა ჯგუფს შეეძლო. გამარჯვებულ ავტორს თბილისის მერიის მიერ შექმნილი 12-წევრიანი საკონკურსო კომისია შეარჩევს. კონკურსში გამარჯვებული ბეჰემოტის ქანდაკება, შესაძლოა, ზოოპარკის ტერიტორიაზე განათავსონ.

“საკონკურსო განაცხადების მიღება 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ ხნის განმავლობაში 14 პროექტი შემოვიდა. ორშაბათამდე არის ვადა იმისთვის, რომ ჟიურიმ კონკრეტული შეფასება გააკეთოს და ორშაბათს გამარჯვებული ნამუშევარი გამოვლინდება. კონკურსში გამარჯვებულ ავტორს შეარჩევს თბილისის მერიის მიერ შექმნილი 12-წევრიანი საკონკურსო კომისია, რომელშიც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შედიან. სად განთავსდება ნამუშევარი კონკრეტული ადგილი შერჩეული არ არის, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დავდგათ. “ბეგის“ ქანდაკება თბილისში შემდეგ 13 ივნისს განთავსდება, რომელიც 13 ივნისის მთავარი ფიგურა გახდა”,- განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ.

2015 წლის 13 ივნისს თბილისში, მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, 23 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 2 უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მათ შორის, გარდაიცვალა მეხანძრე-მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სტიქიის ზონაში 7 ადამიანის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი დაიღუპა.

სტიქიის შედეგად დაზარალდა 200-ზე მეტი ოჯახი. განადგურდა 84 და დაზიანდა 158 საცხოვრებელი სახლი, ასევე, ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი – გზები, ხიდები, გვირაბები… მთლიანად დაიტბორა “მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილი.

ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შემდეგ აღდგენით სამუშაოებზე 40 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

დღეს 13 ივნისის სტიქიიდან 4 წელი გავიდა.