ქუთაისში წერეთლის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს

84

ქუთაისში, წერეთლის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები მათ უბანში ღია საკანალიზაციო არხის არსებობას და ნარჩენების დაყრას აპროტესტებენ. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

ადგილობრივების განცხადებით, ფეკალური მასები მათ მიმდებარე ტერიტორიაზე გაედინება და მდინარე რიონში ჩადის. მოსახლეობა საკანალიზაციო მილების გაყვანას მოითხოვს.

“გაუსაძლისი მდგომარეობაა, ქალაქის ფეკალური მასები ღია არხით მდინარეში ჩაედინება. საშინელი სუნია, განსაკუთრებით ზაფხულში. საფრთხეს წარმოადგენს ადგილობრივებისთვის, ამასთან ბინძურდება მდინარე. ქალაქიდან გამოაქვთ ნარჩენები და აქ ყრიან. ანტისანიტარიაა და შეუძლებელია გადაადგილება. მოვითხოვთ კანალიზაციის მილების გაყვანას და ნარჩენებისგან გასუფთავებას. აღარაფერს ვამბობთ გზის პრობლემაზე, ქალაქს ვართ მოწყვეტილი”, – განაცხადეს ადგილობროვებმა.

მათი თქმით, მერია მათი პრობლემების შესახებ ინფორმირებულია, თუმცა უშედეგოდ.

ადგილობრივებს სოლიდარობა გამოუცხადა პარტია “თავისუფალმა საქართველომ”. პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, მერია მოსახლეობის პრობლემებით არ ინტერესდება. მისი თქმით, თუ პრობლრმა არ მოგვარდა აქცია მერიასთან გაიმართება.