ელოშვილი: ბავშვთა კვებისთვის დამატებით გამოყოფილი თანხით ბაღები პროდუქტებით მომარაგდებიან

706

ბავშვთა კვებისთვის დამატებით გამოყოფილი თანხით ბაღები პროდუქტებით მომარაგდებიან, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა თბილისის საკრებულოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ხაბეიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ბავშვის კვების ხარჯი თითქმის ერთი ლარით, საერთო ბიუჯეტი კი, 1 200 000 ლარით გაიზარდა, კომპანია “მზიური“ ბაღებში პროდუქტის დროულად შეტანას ვერ ახერხებს.

ილია ელოშვილის თქმით, იმის გამო, რომ ბაგა-ბაღების საკვებით მომმარაგებელმა კომპანიამ “ნილი“ ვეღარ შეძლო ვალდებულებების შესრულება და თბილისის მერიამ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა, საბავშვო ბაღებმა თავად დაიწყეს ბაღების საკვები პროდუქტით მომარაგება.

“კომპანია „ნილი“ ორი წლის განმავლობაში ბაღებს საკვებით ამარაგებდა. გამარჯვებული იყო ყველაზე დაბალი ფასით, შესაბამისად, ვნახეთ ათეულობით მილიონი ლარის ეკონომია და ეს არის ჩვენი დადებითი მხარე ამ ორი წლის განმავლობაში. თუმცა, კომპანია “ნილმა“ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვეღარ შეძლო ვალდებულებების შესრულება და შესაბამისად, მათთან კონტრაქტი გაწყდა. კონტრაქტის გაწყვეტა არის ყოველთვის ფორსმაჟორული, მით უმეტეს, როცა საუბარია ბავშვთა კვებაზე. ამის შემდეგ საბავშვო ბაღების მხრიდან ძალიან მყისიერად მოხდა კვებით უზრუნველყოფის დროებით თავის თავზე აღება, მაგრამ ასევე მყისიერად მოხდა ერთი კომპანიის გარდამავალი პერიოდით შეყვანა მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში. ამ პერიოდში ყურადღებით ვიყავით, რომ არ მომხდარიყო იმ ხარისხის დარღვევა, რითიც უნდა ვკვებოთ ჩვენი აღსაზრდელები. შესაბამისად, მინდა, მადლობა გადავუხადო როგორც სააგენტოს, ასევე თითოეულ საბავშვო ბაღს, განსაკუთრებით კოლექტივის იმ ნაწილს, რომელსაც პირადად ევალება ბავშვთა კვებით უზრუნველყოფა. თითოეული დამატებითი თანხა, რომელიც გადახდილია კომპანიისთვის და თანამშრომლებისთვის, ემსახურება იმას, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიქმნა, არ მოხდეს ბაღებში კვების გაუარესება. ყველა თანხა, რაც დამატებულია, რა თქმა უნდა, მოხმარდება ბავშვების კვებასა და პროდუქტებით მომარაგებას“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

თბილისის საკრებულოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა. მისი განცხადებით, კომპანია “მზიური“, რომელიც თბილისის ბაგა-ბაღებს კვებით უზრუნველყოფს, ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს.