ცნობილია, როგორია დიღმის ჭალების საბოლოო პროექტი, რომელზეც უკვე ტენდერი გამოცხადდა

1565

წინა სტატია

დიღმის ჭალებში ახალი საქალაქო პარკის მშენებლობაზე თბილისის მერიამ 14 851 039 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, წინადადებების მიღება 28 ივნისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება.

საპროექტო სამუშაოების ფარგლებში, პარკის მთელ ტერიტორიაზე საფეხმავლო და ველობილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, სარწყავი სისტემა და განათება, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე – ამფითეატრი და მედიათეკა, კაფე და სკეიტპარკი მოეწყობა. ასევე, განახლდება არსებული მცენარეული საფარი და გაკეთდება ხელოვნური ტბა, რომელიც პარკში არსებული გამწვანების მორწყვას მტკვრის წყლით უზრუნველყოფს.

ამასთან, პარკში გათვალისწინებულია კუნძულზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის მოწყობა, რომელიც პარკის ძირითად ტერიტორიას მდინარეში მდებარე კუნძულთან და ჭალის ტყესთან დააკავშირებს. ხოლო უშუალოდ კუნძულზე საფეხმავლო სივრცეები არ მოეწყობა, რათა მისი პარკთან ინტეგრირება ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების გარეშე მოხდეს და იქ არსებული ბიომრავალფეროვნება და ჰაბიტატები უცვლელი სახით შენარჩუნდეს. ასევე, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რელიეფის სპეციფიკიდან გამომდინარე, მდინარის გახსნის მიზნით, მტკვართან მისასვლელი ტერასულად გაკეთდება. დიღმის ჭალების პარკი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

სამუშაოების დასრულება თბილისის მერიას 2020 წლის ბოლოსთვის აქვს დაგეგმილი.