კალაძე: ბანკები ტაქსის მძღოლებს მანქანის შესაცვლელად შეღავათიან სესხს მისცემენ

918

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ტაქსის მფლობელების თხოვნით, საქართველოში არსებულ საბანკო სექტორთან მერიამ მოლაპარაკებები გამართა და უახლოეს დღეებში A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს მანქანის შესაცვლელად კონკრეტულ შეღავათიან საბანკო პროდუქტებს შესთავაზებენ.

“შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფმა დასვა საკითხი, რომ ყველა ტაქსის მძღოლს აქვს პრობლემა, რომ მათი შემოსავალი არსად არის აღრიცხული და ამის გამო მათ უჭირთ ბანკში სესხის აღება, ავტომანქანების გამოყვანა და ა.შ. ეს მათთვის სერიოზული პრობლემაა. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საბანკო სექტორთან, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, მივაღწიეთ შეთანხმებას და მომდევნო 3-4 დღის განმავლობაში თვითონ ბანკები გააკეთებენ ამაზე განცხადებას.

იქნება კონკრეტული შეთავაზებები და სპეციალური პროგრამები მხოლოდ ტაქსის მძღოლებისთვის, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, აიღონ სესხი და თანხა იმისთვის, რომ ჩაანაცვლონ ავტომობილები, ეს იქნება იაფი კრედიტები და ხელშეწყობა ტაქის მძღოლებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმა სატრანსპორტო პიოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელვანი რეფორმაა და მერიამ ბევრი რამ დათმო და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ტაქსის მძღოლებს ხელი შეუწყონ. მისივე თქმით, ყველა განვითარებულ ქალაქში ტაქსი არის ქალაქის სახე და ის ადამიანები, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ კმაყოფილები უნდა იყვნენ გამართული და სუფთა ავტომობილებით.

თბილისის მერის თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში აღნიშნული რეფორმა კიდევ უფრო დაიხვეწება და დაწესდება კიდევ უფრო საინტერესო მოთხოვნები, რათა ეს სფერო მოწესრიგებული და დალაგებული გახდეს.