ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, მოსამართლემ მუსლიმ თემსა და ბათუმის მერიას მოლაპარაკებისკენ მოუწოდა

1047

წინა სტატია

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მუსლიმ თემსა და ბათუმის მერიას მოლაპარაკებისკენ მოუწოდა და სასამართლოს სხდომა დღის მეორე ნახევრამდე გადადო. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ბათუმის მერიის წარმომადგენელმა ვერ განმარტა, თუ რატომ ვერ მოხერხდა მხარეებს შორის მოლაპარაკება.

ქართველ მუსლიმთა კავშირის წარმომადგენელი ტარიელ ნაკაიძე მიიჩნევს, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის გადაწყვეტილება ცენტრალურმა მთავრობამ უნდა მიიღოს. მას მიაჩნია, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს.

“ჩვენ ვფიქრობდით, რომ აღნიშნული თემის მოგვარება ბათუმის მერიას არ შეუძლია. ის არის უბრალოდ ინსტრუმენტი, რომელსაც ევალება გასცეს სამართლებრივად ნებართვა, მაგრამ აღნიშნულ საკითხს ცენტრალური მთავრობა აგვარებს. ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ აღნიშნული საკითხის მოაგვაროს და ამიტომ პროცესი ჭიანურდება“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

2017 წელს მუსლიმმა თემმა ბათუმის მერიის უარი, ახალი მეჩეთის მშნებელობაზე, სასამართლოში გაასაჩივრა. ასევე, მუსლიმმა მრევლმა სასამართლოში დისკრიმინაციული მოპყრობის გამო, მეორე სარჩელიც შეიტანა. საქმის განხილვა ორი წელია მიმდინარეობს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარის მთავრობა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.