ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგებას ითხოვენ

1368

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში სტალინის უბნის მცხოვრებლები წყლის პრობლების მოგვარებას ითხოვენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, სასმელი წყალი ერთი თვეა არ მიეწოდებათ. ამბობენ, რომ წყალი სხვა სოფლებიდან მოაქვთ. ეჭვობენ, რომ წყალს მიზანმიმართულად არ აწვდიან.

“პატრონი არ გვყავს, სასმელი წყალი ერთი თვეა არ გვაქვს. ბავშვებს ვერ ვბანთ, დაუბანლებს სკოლაში ვერ ვაგზავნით. სარეცხიც დასარეცხია. წყალი სხვა სოფლებიდან მოგვაქვს, ისიც არ გვყოფნის. ქობულეთის გამგეობაში, რომ ვრეკავთ არაფერს გვეუბნებიან. ამბობენ წყალი რეზერვუარში არ არის, დაშრა მდინარეებიო. სინამდვილეში სასტუმროებს აწვდიან წყალს და მოსახლეობა უწყლოდ დაგვტოვეს. სასწრაფო რომ დამჭირდეს მრცხვენია 10 დღეა არ მიბანავია“, – განაცხადა შუშანა ბერიძემ.

აქციის მონაწილეები წყლის პრობლემასთან ერთად, სოფელში გზის მოწესრიგების აუცილებლობაზეც საუბრობენ.

აქციაზე სოფლის რწმუნებულის გამოჩენას ხმაური და ურთიერთბრალდებები მოჰყვა. რუსლან ანთაძემ განაცხადა, რომ სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება. სოფლის რწმუნებულმა მოსახლეობის ბრალდებები უარყო.