თვითმმართველობა – “ხელისუფლების გერი”

2924

ინტერვიუ მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ

ავტორი: გულო კოხოძე

“ცენტრალური ხელისუფლება ვერასოდეს მოახერხებს ერკვვეოდეს ყველა მხარის, ყველა თემის, ყველა კუთხის, დასახლების, დაბის, ქალაქის, რომელიღაც უბნის კონკრეტულ პრობლემაში, რომელიც სპეციფიკურია“, – ინტერვიუ თვითმმართველობის საკითხების ექსპერტ დავით ლოსაბერიძესთან.

– რას ნიშნავს დეცენტრალიზაცია? 

– დეცენტრალიზაცია ადგილობრივი უფლებების, ადგილობრივი პრობლემების ადგილზე გადაწყვეტის საშუალებაა. ილია ჭავჭავაძემ ეს მარტივად აგვიხსნა – “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“. ანუ, ეს არის მოქალაქეთა უფლება, კონსტიტუციის მიხედვითაც, ადგილზე საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ეს არის სისტემა, რომლის დროსაც მოქალეები არ არიან დამოკიდებულები სახელისუფლებო ვერტიკალზე და თითოეული ადგილობრივის პრობლემის გადაწყვეტა არ იწელება იმის გამო, რომ ის უნდა წავიდეს ცენტრალურ ხელისუფლებაში და საბოლოოდ ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ვინაიდან, ცენტრალური ხელისუფლება ვერასოდეს მოახერხებს ერკვვეოდეს ყველა მხარის, ყველა თემის, ყველა კუთხის, დასახლების, დაბის, ქალაქის, რომელიღაც უბნის, რომელიმე პრობლემაში, რომელიც სპეციფიურია.

ამ შემთხვევაში წამყვანია სუბსიდიარობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რომ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება ქვედა დონეზე, სამართავად არ უნდა გადაეცეს ზედა დონეს. ეს არის სავალდებულო სისტემა, რომელსაც ითხოვს საერთაშორისო სამართალი და ის საერთაშორისო ნორმები, რომელსაც საქართველო კარგა ხანია, შეერთებულია.

– თუ შეგიძლიათ სხვა ქვეყნების მაგალითზე რომ უფრო დავაკონკრეტოთ ეს თემა?

– ავიღოთ ამერიკა, სადაც ქვეყნის მშენებლობა დაიწყო ქვემოდან ზემოთ – ჯერ საძირკველი გაკეთდა, შემდეგ კედლები და ბოლოს სახურავი. ჯერ შეიქმნა თვითმმართველობები, შემდეგ შტატები და ბოლოს ყველაფერმა თავი მოიყარა საერთო ეროვნულ ცენტრში, როგორც ეროვნული სახელმწიფოს შემქმნელმა ფაქტორმა.

რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებს, ისტორიულად ისე გამოვიდა, რომ ესენი იყვნენ სამეფოები, ძლიერი სახელმწიფოები, ცენტრალიზებული, ზოგიც არაცენტრალიზებული, ფეოდალური დაქუცმაცებითა და ასე შემდეგ, რომლებიც, როცა გაძლიერდნენ და გამსხვილდნენ, ბოლო საუკუნეების განმავლობაში მიხვდნენ, რომ ადგილზე უნდა გადასცენ უფლებები, რომ ცენტრიდან ყველაფრის მართვა არის შეუძლებელი.

სახელიც გვეუბნება – დეცენტრალიზაცია ანუ ცენტრიდან რაღაც უფლებების გადაცემა ქვემოთ. როგორი იქნება ეს ქვემოთ, ამას ყველა ქვეყანა თავის გემოვნებიდან, ისტორიიდან, ტრადიციებიდან, საჭიროებებიდან, ეკონომიკური, სოციალური მენტალობიდან გამომდინარე წყვეტს.

– დამოუკიდებელ საქართველოში ვერცეთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა დეცენტრალიზაციის მიმართულებით? რა მიგაჩნიათ ამის მთავარ მიზეზად?

– ეს არა მხოლოდ ქართული მოვლენაა. ეს არის მარტივი პრინციპი: როცა მე ხელში მიჭირავს რაღაც, არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი საკუთრებაა თუ სხვისი, მინდა დავიტოვო. ეს ბუნებრივი თვისებაა – რაღაცის გაცემა პიროვნებას, მითუმეტეს სახელმწიფო ინსტიტუციას და სტრუქტურას, არ სიამოვნებს.

ეს პრინციპი განსაკუთრებით მყარია ტოტალიზებულ ქვეყნებში, როცა ყველაფერი ეგრეთწოდებული დემოკრატიული ცენტრალიზმით აიხსნება. ეს შირმაა, რასაკვირველია და ნიშნავს, რომ ყველაფერი იყოს ცენტრალიზებული, ყველაფერი უნდა იყოს ცენტრში.

შეუძლებელია, რაც უნდა კეთილი იყოს ხელისუფალი, მან იცოდეს ყველაფერი სისტემის შესახებ.

საქართველოში, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოსული ხელისუფლება, ბოლო 30 წელი გავიდა და ისევ ძალზე მარტივად უყურებენ ამ საკითხს – თვითმმართველობა არის ქართული პოლიტიკის გერი. ხელისუფლება მას ყველაზე ბოლოს მიხედავს; თან გააჩნია, „როგორ ხასიათზეა“ და ამის მიხედვით ხელისუფლება ან კეთილად ექცევა, ან ზღუდავს თვითმმართველობის უფლებებს. ესეც სამწუხარო რეალობაა. ჩვენ თუ შევხედავთ ისტორიას თავიდანვე, დავინახავთ, რომ 1991 წლიდან მოყოლებული, ტალღებად მოდის თვითმმართველობასთან დაკავშირებული საკითხები, დეცენტრალიზაციის რეფორმები. რაღაც რაღაცეები კეთდება, მაგრამ ჩვენ 30 წელი დაგვჭირდა რაღაც დონეზე გასასვლელად, როცა შეგვეძლო სამ თვეში გაგვეკეთებინა, მონდომების შემთხვევაში. მოვყვეთ და გავიხსენოთ: გამსახურდიას პერიოდში მრავალპარტიული საკრებულოს არჩევა, მაგრამ აქ იყო ცენტრალიზებული პრეფექტის ინსტიტუტი; შემდეგ პირველი მცდელობა შევარდნაძის პერიოდში 1997–98 წლებში, როცა თვითმმართველობებს მიენიჭა ისეთი უფლებები, როგორიც ბევრ ევროპულ ქვეყანასაც არ აქვს, მაგრამ ეს იყო ქაღალდზე და არ სრულდებოდა;

შემდეგ – მცდელობა ახალგაზრდა რეფორმატორების, ეგრეთწოდებული ჟვანიას ჯგუფისა, 2001 – 2002 წლების ტალღა. შემდგომ – ახალი ტალღა სააკაშვილის მიერ პრიორიტეტად გამოცხადებული, მაგრამ ეს უკან შებრუნდა და რაც იყო, ისიც ჩამოართვა თვითმმართველობებს, დაფინანსება გაიზარდა, მაგრამ ცენტრალიზებული დაფინანსება იყო; შემდეგ 2010 წლის რეფორმები. შემდეგ მოდის “ქართული ოცნება” და იწყებს საკმაოდ ამბიციურად ძალიან კარგ ევროპულ რეფორმას 2013–14 წლებში. ეს იყო წარმატებული დასაწყისი, მაგრამ ევროპას ეჭვი ეპარებოდა, რომ ქართველები ამას ბოლომდე მიიყვანდნენ და 2016 წლიდან დაიწყო უკუ პროცესი – ქალაქებს სტატუსი გაუუქმეს, საშემოსავლო გადასახადის ნაწილი დაუტოვეს, ნაწილი ჩამოართვეს.

ასევე პრობლემატურია საკითხის არცოდნა, უვიცობა ქართულ პოლიტიკურ ელიტაში – ვგულისხმობ მთლიან პოლიტიკურ ელიტას და არა ცალკეულ პიროვნებებს. ბევრმა არ იცის და წარმოდგენა არ აქვს, რასთან აქვს საქმე, არ უფიქრია. შეიძლება სხვა მიმართულებით მუშაობდნენ და არ უფიქრიათ. პოლიტიკური ნება ამ მხრივ არ ჩანს.

 ხშირად, როცა ხელისუფლება დეცენტრალიზაციაზე საუბრობს, ყურადღებას ამახვილებს საფრთხეებზე, სეპარატისტულ ტენდენციებზე…

– საფრთხეებზე როცა საუბრობენ, მაგალითად მოჰყავთ ადგილობრივი ხელისუფლების მოხელეები – მათ არ იციან, არ აქვთ გამოცდილება!

მაგრამ ეს კითხვა შეგვიძლია ასე დავსვათ: ცენტრში იციან? ან ცენტრალური ხელისუფლება შეცდომებს არ უშვებს? და მოდი ასე ვთქვათ: ერთ სოფელში დაშვებული შეცდომა უფრო ადვილი გამოსასწორებელია, ვიდრე 3 500 დაბაში ან ქალაქში ჩადენილი შეცდომა, რომელსაც ვერ გაასწორებს ვერაფერი.

საბაბად კი მოსახლეობის გაუცნობიერებასაც ასახელებენ. კურიოზამდეც კი მივდივართ – მოსახლეობამ ჯერ პროგრამული ბიუჯეტების შედგენა ისწავლოს და მერე ვილაპარაკოთ დეცენტრალიზაციაზეო. ასეთ მიდგომაზე სარკასტულად წერდა ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე.

საბაბად, ასევე, ასახელებენ ეთნიკურ პრობლემას. აქ დგას ორგანიზაციული პრობლემებიც, რომ ბევრი ფული დაიხარჯება, თუმცა ჩვენ თუ შევხედავთ სტატისტიკას, რა იხარჯება ადგილზე და ცენტრალური ადმინისტრირების შემთხვევაში, დავინახავთ, რომ ადგილზე შემცირებულია ყველაფერი, ცენტრის ხარჯები კი უფრო გაზრდილია.

ასევე, საუბრობენ სეპარატიზმის საფრთხეებზე, მაგრამ თუნდაც სამცხე–ჯავახეთის ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ ასე არ არის საქმე.

გავიხსენოთ: როცა საბჭოთა არმია შემოვიდა, 1921 წლის თებერვალში, და ჩამოაყალიბეს ეგრეთწოდებული „შულავერის კომიტეტი“, აჯანყებული მოსახლეობის იმიჯის შექმნისთვის მათ თვითმმართველობებში ვერ ნახეს ვერც ერთი მხარდამჭერი ქვემო ქართლის აზერბაიჯანულ და სამცხე–ჯავახეთის სომხურ მოსახლეობაში. მათ ვერ ნახეს მხარდამჭერი და ჩამოიყვანეს სამხრეთიდან ვითომ საქართველოს მოქალაქეები. გააფორმეს, ვითომ ქართველი რევოლუციონერები არიან და მათი ხელით დაიწყეს ბრძანებების გამოცემა და დამტკიცება.

ილია ჭავჭავაძე ვახსენეთ და მინდა გითხრათ, რომ ილიას ეპოქის შემდეგ 150 წელი გავიდა და თვითმმართველობის საკითხში იგივე პრობლემის წინაშე დგას ქართული საზოგადოება, პოლიტიკური კლასი.