ოთარ დანელია: გარკვეულ მიწის ნაკვეთზე ინვესტორებს უარს შეგნებულად ეუბნებიან და არ გამოვრიცხავ, ზოგიერთი თვითმმართველობის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

176

არ გამოვრიცხავ, ზოგიერთი ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობის საკითხიც კი დადგეს, რადგან შეგნებულად, მავნებლურად ხდება გარკვეულ მიწის ნაკვეთებზე უსაფუძვლო უარის თქმა – ინვესტორს უარს მიწის იჯარაზეც კი ეუბნებიან, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

დანელიამ კომიტეტს მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, სისტემური და სპორადული წესით მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესის 2020 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელების საკანონმდებლო ინიციატივა გააცნო.

დეპუტატის ინფორმაციით, ადგილობრივ თვითმმართველობებთან მიმართებით არის ბევრი ხარვეზი, რომელიც მიწების რეგისტრაციას უკავშირდება.

“ეს ხარვეზები გამოსასწორებელია. საბაზისო ელემენტად პარლამენტში წარმოდგენილ კანონს ვხედავთ. ძალიან ხშირად ინვესტორებს იჯარაზეც კი უარს ეუბნებიან, სრულიად გაუგებარი მიზეზებით. ჩვენ სასტარტო პოზიცია გვჭირდება და ეს კანონია ჩვენი სასტარტო პოზიცია. პირადად მე არ გამოვრიცხავ, ზოგიერთი ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობის საკითხიც კი დადგეს სწორედ იმიტომ, რომ შეგნებულად, მავნებლურად ხდება გარკვეულ მიწის ნაკვეთებზე უსაფუძვლო უარის თქმა – ინვესტორს უარს მიწის იჯარაზეც კი ეუბნებიან. ინვესტორში მხოლოდ უცხოელ ინვესტორს არ ვგულისხმობ – პირველ რიგში, ქართველებზეა საუბარი. ეს არის პრობლემა“, – განაცხადა ოთარ დანელიამ კომიტეტის სხდომაზე.