სოხუმისთვის სახელის გადარქმევა სურთ

413

აფხაზეთის “სახელმწიფო” უნივერსიტეტის დოცენტის, რამგარ მარშანის ინიციატივაა, სოხუმს სახელი გადაერქვას და ის ამრად იწოდოს.”ქალაქი ამრა – აფხაზეთის რესპუბლიკის დედაქალაქი”, – ასე ჰქვია ნაშრომს, სადაც ის საკუთარ შეთავაზებაზე საუბრობს. ინფორმაციას ლაივპრესი ” ნუჟნაია გაზეტაზე” დაყრდნობით ავრცელებს.

ამრა აფხაზური სიტყვაა და ქართულად მზეს ნიშნავს.

“სიტყვა “მზის” მნიშვნელობა არ არის მხოლოდ ცაში ნათელი. მზე – ეს არის ცხოვრება, სითბო, ენერგია, შუქი. სიტყვებში “მორე (ზღვა) და ამრა (მზე), ერთი და იგივე თანხმოვნებია. ზღვა ფრანგულად ითარგმნება ასე – მერ, გერმანულად – მეერ, ესპანურად – მარ, იტალიურად – მარე. ამ სიტყვების თანხმობა და სიტყვა ზღვა მზესთან ერთად გვიჩვენებს, რომ ამრა შეესაბამება ზღვისპირა ქალაქს”, – ამბობს რამგარ მარშანი.

მეცნიერის თქმით, დღეს სახელწოდება ამრას ატარებს ბანკი, სასტუმრო, სანატორია, რესტორანი, რაც ადასტურებს ამ სახელის თანამედროვეობას და პრაქტიკულობას. ამას გარდა, განმარტავს, რომ აკუასგან განსხვავებით, ამრა სუფთად წარმოითქმის, დამახინჯების გარეშე ითარგმნება სხვა ენებზეც და კარგად ამახსოვრდებათ ადამიანებს. ფიქრობს, ეს ეფექტურ რეკლამას გაუწევს აფხაზეთს.

რამგარ მარშანი ამბობს, რომ აფხაზეთის “დედაქალაქის” სახელის შეცვლა აქტუალური საკითხია, რადგან ქალაქის სახელი და მისი განვითარება ერთმანეთთან არის დაკავშირებული.

მისივე თქმით, ამრელები გამოსაყენებლად ბევრად მოსახერხებელი სიტყვაა, ვიდრე სოხუმელები.