მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტურში ლადო კახაძემ გაიმარჯვა

1164

წინა სტატია

მთაწმინდის საარჩევნო ოლქის ყველა უბნის შედეგები დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე საბოლოო შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა დასრულდა. ყველა უბანზე “ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ მოიგო. მას ამომრჩეველთა 61.83%-მა (10 738 ხმა) დაუჭირა მხარი, შალვა შავგულიძეს კი 38.17%-მა (6 630 ხმა).

მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობამ 41,23% შეადგინა.

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩეველთა საერთო სია მხოლოდ 1 ადამიანით გაიზარდა. 31 საარჩევნო უბანზე სიაში სულ 43 909 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

9 ივნისის არჩევნებისთვის 52 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 5 169 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 53 დამკვირვებელი იყო რეგისტრირებული.

არჩევნების დღის გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა 45 მედია ორგანიზაციის 1 919 წარმომადგენელმა. 9 ივნისის არჩევნებზე მონაწილე 2 საარჩევნო სუბიექტის მიერ რეგისტრირებული იყო დაკვირვების უფლების მქონე 123 წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს მერის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო, ერთადერთი ოლქი, რომელში გამარჯვებაც ვერცერთმა კანდიდტმა მოიპოვა მთაწმინდის რაიონი იყო, რის გამოც პირველ და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის მეორე ტური დაინიშნა. მაშინ “ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმათა 41,01%, “ევროპული საქართველოს“ და “თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი 36,84% მიიღო.