კონსტიტუციაში აღარ იქნება ჩანაწერი ლაზიკის შესახებ, თუმცა ჩნდება სპეციალური მუხლი ანაკლიასთან დაკავშირებით

769

ანაკლიასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში სპეციალური მუხლი ჩაიდება. კონსტიტუციაში იწერება, რომ ანაკლიაში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა იქნება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განმარტა, მთავრობის სურვილია, ანაკლია კონსტიტუციაში სახელობრივად იყოს დაკონკრეტებული და მოხდა მათი არგუმენტების გაზიარება.

”მთავრობასთან გვქონდა კონსულტაციები. ანაკლიის ტერიტორიაზე დაგეგმილია ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც განსაკუთრებული, სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის შემოღებას საჭიროებს. მთავრობის პოზიციის თანახმად, პერსექტივაში არ უნდა გამოირიცხოს სხვა ტერიტორებზეც ანალოგიური პროექტების განხორციელება. ამიტომ შეჯერებული გვაქვს ასეთი ფორმულირება: – ორგანული კანონით ანაკლიაში იქმნება განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, სადაც სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი ვრცელდება. ორგანული კანონით შეიძლება შეიქმნას სხვა განსაკუთრებული ზონებიც, სპეციალური სამართლებრივი რეჟიმით”, – განმარტა ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ მოქმედ კონსტიტუციაში ჩაწერილია მუხლი ქალაქ ლაზიკის სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, კონსტიტუციიდან ამოღებულია.

წყარო: ინტერპრესნიუსი