კალაძე: მრგვალ ბაღში არავინ მუშაობს, არის 1-2 მუშა საწყლად, დაათრევენ ამ ქვებს ხან – იქეთ, ხან – აქეთ

1752

მრგვალ ბაღში არსებული მდგომარეობა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. არავინ მუშაობს, არის 1-2 მუშა საწყლად, დაათრევენ ამ ქვებს ხან – იქეთ, ხან -აქეთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და საკუთარ მოადგილეს დაავალა, აღნიშნულმა კომპანიამ მრგვალ ბაღში მუშაობა აღარ გააგრძელოს. კალაძის თქმით, 2 თვის განმავლობაში ბაღში არაფერი გაკეთებულა.

“მრგვალ ბაღში არსებული მდგომარეობა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. არავინ მუშაობს, არის 1-2 მუშა საწყლად, დაათრევენ ამ ქვებს ხან – იქეთ , ხან – აქეთ. გადათხრილი და გადანგრეულია ყველაფერი. ასე გაგრძელება ჩვენთვის მიუღებელია. კომპანიას არ აინტერესებს არც ქალაქის მთავრობა, არც მერია, მაგრამ ჩემთვის თბილისის მოსახლეობა ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისელების ფეხებზე დაკიდების უფლებას არავის მივცემ.

იმოქმედეთ მარტივად. ეს კომპანია ვერ და არ გააგრძელებს სამუშაოებს. 2 თვეა უკვე პატარა ბაღის რეაბილიტაცია ვერ მოვახერხეთ. არ ვარგა ეს დამოკიდებულება. სამწუხაროა, რომ გვყავს არაკეთილსინდისიერი კომპანიები, თუმცა მათ სჭირდებათ შესაბამისი პასუხი. ასეთმა კომპანიებმა არათუ მერიის ტენდერებში, საერთოდ სახელმწიფო ტენდერებში ვერ უნდა მიიღონ მონაწილეობა”,- განაცხადა კალაძემ.