არარსებულ საცურაო აუზს გორის მერიამ დირექტორი დაუნიშნა

754

“გორის საცურაო აუზი” საჯარო რეესტრში გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ა(ა)იპ-ად რეგისტრირებული აქტიური ორგანიზაციაა, თუმცა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე მსგავსი ობიექტი წლებია აღარ არსებობს და შესაბამისად არც ფუნქციონირებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“რაადიო მოზაიკას” მიერ გორის მერიიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში, მსგავსი სახელწოდებით, ა(ა)იპ – ების ჩამონათვალში, არც ერთი ორგანიზაცია ფიქსირდება და არც მიმდინარე წლის ადგილობრივ ბიუჯეტშია გათვალისწინებული თანხები მსგავსი ობიექტის მშენებლობისთვის.

ა(ა)იპ გორის საცურაო აუზის ამონაწერში ბოლო ცვლილება მუნიციპალიტეტის მერიამ გასული წლის ივნისში შეიტანა და მას ახალი დირექტორი დაუნიშნა. 2014 წლის ოქტომბრამდე მას სხვა ხელმძღვანელობდა. საჯარო რეესტრში კი ამ ობიექტის რეგისტრაციის თარიღად 2008 წელია მითითებული.

როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, საუბარია იმ დაწესებულებაზე, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად სახელმწიფოსგან მის კერძო მფლობელებს დაუბრუნდათ, რომლებმაც გასულ წელს ეს ობიექტი სხვა კერძო კომპანიაზე გაასხვისეს. გარდა საცურაო აუზისა, ჯერ კიდევ აქტიურია ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის მერიის გამწვანება, ორივე ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაციაში სხვა აბონენტების ტელეფონის ნომრებია მითითებული.

“ა(ა)იპ – ების ლიკვიდაცია ზოგადად რთული პროცესია და გარკვეულ ეტაპებს მოიცავს. ამ ეტაპზე დაწყებულია მუშაობა და ა(ა)იპ “საცურაო აუზის” ლიკვიდაცია უახლოეს პერიოდში მოხდება საჯარო რეესტრის ბაზაში”- განმარტავენ მერიის პრესსამსახურში.

გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობდნენ, რომ ობიექტი კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მერია მის ფუნქციონირებაში არ ჩაერევა და მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების განვითარების ხელშეწყობით შემოიფარგლება. საჯარო რეესტრის მონაცემებიდან კი ირკვევა, რომ ამ ორგანიზაციის ზედამხედველის და მაკონტროლებლის ფუნქციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ასრულებს.