ფარავნის ტბასთან და წმინდა ნინოს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

192

მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ფარავნის ტბასთან და წმინდა ნინოს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და უახლოეს პერიოდში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება.

ფარავნის ტბის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომის, ფარავნის ტბის ჯებირისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. ამასთან, დაგეგმილია წმინდა ნინოს დედათა მონასტრიდან ფარავნის ტბის სამხრეთ სანაპირომდე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.

ასევე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან – წმინდა ნინოს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

“პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, მონასტრის შესასვლელთან ავტოსადგომის და ტურისტული ობიექტების მოწყობა, ვიზიტორთა ცენტრის, სადეგუსტაციო ოთახის, სამზარეულოს, საეკლესიო ნივთებისა და სანთლების მაღაზიის მშენებლობა.

სამუშაოები რეგიონისთვის სახასიათო არქიტექტურის ნიმუშის – გვირგვინით გადახურული დარბაზული სახლის აღდგენას, ობიექტების წყალმომარაგებისათვის ჭაბურღილისა და ბიოლოგიური საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას და მონასტრის ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებს”, – განმარტავენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

მათივე ცნობით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ფარავნის ტბის ნაპირის მოწყობა და წმინდა ნინოს ტაძართან ტურისტული ინფრასტრუქტურის გაკეთება დაეხმარება და გაზრდის ტურისტულ პოტენციალს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის.