დაპირებული და გაჭიანურებული პროექტები ზუგდიდსა და სენაკში (ვიდეო)

1265

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ზუგდიდსა და სენაკში დაპირებული და გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

“„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სამეგრელო-ზემო სვანეთში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით და ღია წყაროებზე დაყრდნობით გადაამოწმა, თუ როგორ ხორციელდება ბოლო 5 წლის განმავლობაში დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები.

ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონი

ზუგდიდს, არაერთი დაპირების მიუხედავად, უეფას III კატეგორიის საფეხბურთო სტადიონი დღემდე არ აქვს.

სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და დღემდე 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. სამუშაოები შპს “დაგს” 2018 წელს უნდა დაესრულებინა.

სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 2015 წლის ოქტომბერში გამოაცხადა (SPA150028614), რომელშიც მონაწილეობა ორმა პრეტენდენტმა მიიღო. გამარჯვებულ შპს „დაგისთან” ხელშეკრულება 2015 წლის 16 ნოემბერს გაფორმდა, სამუშაოების შესრულების ღირებულებად კი 9 747 000 ლარი განისაზღვრა.

ამ დროისთვის აშენებულია სტადიონის ძირითადი შენობა და ტრიბუნები, მოწყობილია მინდვრის საფარი, თუმცა არაერთი ხარვეზით:

  • მინდვრის საფარის გარშემო შემოვლებულია რკინა-ბეტონის ჯებირი, მასთან დაჯახების შემთხვევაში ფეხბურთელმა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღოს;
  • ტრიბუნები იმგვარადაა მოწყობილი, რომ მაყურებელთა გარკვეული ნაწილი ვერ შეძლებს მოედნის სრულად დანახვას, სკამების ნაწილს კი გვერდითა მხრიდან ბეტონის კედელი ეფარება – აღნიშნული ხარვეზები ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის იმდროინდელმა უფროსმა თამაზ ბულიამ  2017 წელს „საპროექტო შეცდომად” შეაფასა;
  • თითქმის გამხმარია მინდვრის საფარი, არ ხდება მისი პერიოდული მორწყვა და დამუშავება; საფარი  არის უსწორმასწორო;
  • წვიმის წყალი ჩადის შენობის ოთახებში, რამაც დააზიანა კედლები, რამდენიმე ოთახში კი ჭერი ჩამოშლილია;
  • ნაწვიმარი წყალი გროვდება ტრიბუნებზეც, არ მუშაობს წყალსადენი სისტემა.

მშენებლობის ხარვეზებზე, 13 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმაც ისაუბრა.

მშენებლობის მეორე ეტაპზე სათადარიგო სტადიონის მშენებლობასა და პარკინგის მოწყობაზე დამატებით 8 059 045 ლარიდაიხარჯება.

ზუგდიდის მერიაში არ იციან, როდის ექნება ქალაქს ახალი სტადიონი, რომლის ინფრასტრუქტურა ექსპლოატაციაში შესვლამდე უკვე მწყობრიდან არის გამოსული.

ზუგდიდის რაგბის სტადიონი და ორი სასტუმრო

2015 წლის თებერვალში, ზუგდიდის იმდროინდელმა მერმა ირაკლი გოგოხიამ განაცხადა, რომ ფონდი „ქართუ” რაგბის სტადიონსააშენებდა, რისთვისაც მოგვიანებით ზუგდიდში, თეთრი გიორგის ქუჩაზე, ოთხ ჰექტარზე მეტი ფართობის მიწა გამოიყო. ძირითადი და სათადარიგო მოედნის პარალელურად, ორი სასტუმროც უნდა აშენებულიყო. მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა, მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი მიწის ნაკვეთი კი ისევ სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება.

განმუხურის ბოტანიკური ბაღი

2016 წელს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმუხურში ბოტანიკური ბაღის გაშენების შესახებგანაცხადა, მანამდე კი ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ განმუხურში „ძალიან მაღალი კლასის სასტუმრო” გაიხსნებოდა. კვირიკაშვილის თქმით, ბოტანიკური ბაღი და სასტუმრო ფონდი „ქართუს“, თანაინვესიტრების ფონდისა და მთავრობის ხელშეწყობით აშენდებოდა. ჯამში, პროექტში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა, დაპირება ისე გაიცა, რომ ხელისუფლებამ არ იცოდა სპეციალისტების მოსაზრება განმუხურში ბაღის მშენებლობის მიზანშეწონილობაზე: 2018 წლის ივლისში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელში ბოტანიკური ბაღი აღარ გაშენდებოდა, რადგან შესაძლოა, „ადგილობრივ  უნიკალურ კლიმატს” საფრთხე დამუქრებოდა.

აღსანიშნავია, რომ კვირიკაშვილის განცხადების შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ახალი იურიდიული პირი – „განმუხურის ბოტანიკური ბაღი” ისე შექმნა, რომ მთავრობისგან, ფონდ „ქართუსგან” და არც თანაინვესტირების ფონდისგან განმუხურის ბოტანიკური ბაღის პროექტში ინვესტიციების განხორციელების თაობაზე წერილობითი დასტური არ ჰქონია. ახალ მუნიციპალურ ორგანიზაციაში 8 ადამიანი დასაქმდა, ამავე ორგანიზაციას სახელმწიფომ სოფელ განმუხურში მდებარე მიწის ორი ნაკვეთი საკუთრებაში გადასცა, ჯამში კი არარსებული ბოტანიკური ბაღის სამართავად შექმნილი იურიდიული პირის ფუნქციონირებისათვის, რომელიც 2016 წლის აგვისტოდან 2018 წლის იანვრამდე არსებოდა, 150 ათას ლარამდე დაიხარჯა.

რაგბის სტადიონი სენაკში

2015 წლის მარტში საქართველოს მთავრობამ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში „საქართველოს რაგბის კავშირისათვის” მიწის უსასყიდლოდ გადაცემისა და რაგბის სამი მოედნის მშენებლობის გეგმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. პროექტის განხორციელებისთვის 300 000 ლარი უნდა დახარჯულიყო. თუმცა, როგორც “საქართველოს რაგბის კავშირში” განგვიმარტეს, 2017 წელს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს დაუბრუნდა, რადგან რაგბის კავშირის ოფიციალური პოზიციით, “ვერ მოხერხდა პროექტის დაფინანსებით დაინტერესებული პირის მოძიება”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.