ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე: ან ნანა კოსტავა დარჩება ფრაქციაში ან მე

233

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას განცხადებით, საკრებულოს არ აქვს იმის ბერკეტი, რომ დეპუტატს იძულებით დაათმობინონ მანდატი. მისივე თქმით, ის ნანა კოსტავასთან მუშაობას არ აპირებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

“ჩვენ, საკრებულოს არ გვაქვს არანაირი ბერკეტი, რომ ვაიძულოთ დეპუტატი დატოვოს საკრებულო. მან დატოვა საკრებულოში თანამდებობა, ის არანაირ თანამდებობას არ იკავებს საკრებულოში. მასთან ერთად ნამდვილად არ ვაპირებ მუშაობას.

ფრაქციაში ერთად ვართ და ვფიქრობ, რომ იმ ფრაქციაში მასთან ერთად აღარ გავაგრძელებ მუშაობას. არ მაქვს ინფორმაცია, რას გადაწყვეტს ის ხვალ. შევიკრიბებით და გადავწყვეტთ, ის დატოვებს ფრაქციას თუ მე.

პროცედურები არსებობს. მაგალითად ხალხს აქვს უფლება, დეპუტატი გაითხოვოს და არის ამის ბერკეტები, თუმცა ეს საზოგადოების გადასაწყვეტია“, – განმარტა საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ.

ქუთაისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნანა კოსტავა საკრებულოს დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ კოსტავამ „ქრონიკისთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ამომრჩევლების თხოვნის საფუძველზე შეცვალა.

გასულ კვირას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ განაცხადა, რომ არ აპირებს, სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებულ ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში იმუშაოს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ნანა კოსტავა მის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების გამო ფრაქცია “ქართული ოცნება -კონსერვატორების ” თავმჯდომარეობიდან გადააყენეს. “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, მისი გადაყენება საკმარისი არ არის, რის გამოც მის იმპიჩმენტს ითხოვენ.

ხოლო, როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ნანა კოსტავას მიერ გაკეთებული განცხადებები მისთვის და მისი ტანაგუნდელებისთვის მიუღებელია და მას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა.

თავდაპირველად ნანა კოსტავამ განაცხადა, რომ საკრებულოში დეპუტატის მანდატს დატოვებდა, თუმცა, როგორც დღეს განაცხადა, საკრებულოს დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ამომრჩევლების თხოვნის საფუძველზე შეცვალა.