ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

1093

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით ედავება, რაც ბიუჯეტიდან თანხის მითვისება-გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატების ნაწილმა ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვა.

როგორც ბათუმის ყოფილი მერის გიორგი ერმაკოვის ადვოკატმა ჯემალ კიკნაძემ განაცხადა, ერმაკოვი დუმილის უფლებას იყენებს. მისივე ინფორმაციით, მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს.

კერძოდ, დაკავებულები არიან: ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე, ბათუმი მერიის და სამინისტროების თანამშრომლები ბექა ხალვაში, ნუკრი ხინთიბიძე, ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე და მერიის თანამშრომელი ეგარსლან ლომაძე.

პროკურატურის ინფორმაციით, გაიფლანგულია 1 370 076 ლარი.