კახა კალაძე: ნანა კოსტავას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა

1055

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ნანა კოსტავას განცხადებები ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის მიუღებელია და მას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ქუთაისის საკრებულოს წევრის ნანა კოსტავას მიერ სიძულვილის ენის შემცველ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კოსტავას განცხადება ძალიან მძიმე იყო.

“ეს განცხადება ძალიან მძიმე იყო, ეს მისაღები არავისთვის არ არის. საღად მოაზროვნე ადამიანი ამას ნორმალურად არ აღიქვამს და არ მიიღებს. ეს ძალიან მძიმე იყო, ზოგადად, სიძულვილის ენა სერიოზული პრობლემაა. ჩვენ, პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ კატეგორიულად მიუღებელია სიძულვილის ენა. შესაბამისად, ამ ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადებები ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის მიუღებელია და მას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა“, – განაცხადა კალაძემ.

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ნანა კოსტავა მის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების გამო ფრაქცია “ქართული ოცნება -კონსერვატორების ” თავმჯდომარეობიდან გადააყენეს.

“ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, მისი გადაყენება საკმარისი არ არის, რის გამოც მის იმპიჩმენტს ითხოვენ.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას თქმით კი, არ აპირებს, ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში იმუშაოს.