“ნაცმოძრაობა” ქუთაისის საკრებულოს წევრის ნანა კოსტავა იმპიჩმენტს ითხოვს

970

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა ” ნანა კოსტავასთვის უფლებამოსილების შეჩერების მიზნით რიგგარეშე სხდომის ჩატარებას მოითხოვს. ფრაქციის წევრებმა დღეს ქუთაისის მერიაში შესაბამისი განცხადება დაარეგისტრირეს. ინფორმაციას ქუთაისის პოსტი ავრცელებს.

ფრაქციის თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, ის ფაქტი, რომ ნანა კოსტავა ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს, საკმარისი არ არის, რადგან იგი კვლავ რჩება გუნდის წევრად.

“კოსტავა კვლავ რჩება ამ ფრაქციის წევრად და შესაბამისად, გუნდის წევრადაც, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა ეს პროტესტი გადაივლის, მას ისევ დააბრუნებენ ამ პოზიციაზე, რათა ხელფასი არ დაკარგოს”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.

ნანა კოსტავა ფრაქცია “ქართული ოცნება- კონსერვატორების ” თავმჯდომარეობიდან დღეს გადააყენეს. ეს გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც კოსტავამ სოციალურ ქსელში  ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის გოგონას დის, ჟურნალისტის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე”.  ვიდეოში სალომე ბარკერი თითზე გაკეთებული კონდომით პირჯვარს იწერდა.

ნანა კოსტავამ განაცხადა, რომ მან არ იცოდა თუ გარდაცვლილი გოგონა სალომე ბარკერის და იყო და რომ ეს ვიდეო ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გააზიარა.