თურნავა: კახეთში პირველი ხუთმეგავატიანი მზის ელექტროსადგური აშენდება

1238

განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაში კახეთს შეუძლია, მნიშვნელოვანი სიტყვა თქვას, პირველად სწორედ აქ ჩაეყრება საფუძველი შედარებით ახალ სფეროს, ეს არის მზის ენერგეტიკა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

თურნავას განცხადებით, საგარეჯოს სოფელ უდაბნოში პირველად ​ხუთმეგავატიანი ელექტროსადგური აშენდება.

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრო, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ უახლოეს პერიოდში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამოცხადდეს ტენდერი 30-დან 50-მეგავატზე ახალ, მზის ელექტროსადგურის მშენებლობასა და ოპერირებაზე სწორედ კახეთის რეგიონში.

“მზის ელექტროგენერაციის თვალსაზრისით კახეთი მართლაც გამორჩეულია თავისი ბუნებრივი პირობებით, რადგან მზის ენერგიასთან ერთად არსებობს თავისუფალი მიწის ფართობები და ჩვენი პროექტი გვიჩვენებს, რომ კახეთი ზუსტად არის მორგებული ამ სფეროს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.