ცქიტიშვილი: “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მოვუწოდებ, რომ დაფინანსება მოიძიოს

638

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მოუწოდებს, რომ დაფინანსება მოიძიოს და ყველა ის პირობა შეასრულოს, რაც საინვესტიციო ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

“კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას ანაკლიის პროექტთან მიმართებაში და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პირველ რიგში, იმუშაოს იმაზე, რომ დაფინანსება მოიძიოს ამ პროექტისთვის, უზრუნველყოს ყველა იმ პირობის შესრულება, რომელიც მათ ნაკისრი აქვთ საინვესტიციო ხელშეკრულებით. ჩვენი მხრიდან, სახელმწიფო ბევრად მეტს აკეთებს, ვიდრე საინვესტიციო ხელშეკრულებით გვევალებოდა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით არაერთი კომპრომისული გადაწყვეტილება იყო მიღებული, რათა აღნიშნულ პროექტის განხორციელებას საფრთხე არ შექმნოდა:

“ამასთან, გვაქვს ინვესტიციაც ამ პროექტში, უშუალოდ სახელმწიფო აპირებს ამ მიმართულებით 100 მლნ დოლარის ჩადებას, 300 მლნ ლარზე მეტის საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შექმნას. უკვე 60 მლნ ლარამდე იქნა დახარჯული ამ ნაწილში. როგორც არაერთხელ აღინიშნა პრემიერმინისტრის, მთავრობის წევრების,  ჩვენი გუნდის წარმომადგენლების მიერ, ამ პროექტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენთვის, როგორც სტრატეგიული, ასევე უსაფრთხოების, ეკონომიკური უსაფრთხოების, რა თქმა უნდა,  ლოგისტიკური პოტენციალის გამოყენების თვალსაზრისით“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით კი, ანაკლიის პროექტი განწირულია წარმატებისთვის და მხოლოდ ერთი რამ აკლია – კერძო ინვესტორმა დროულად შეასრულოს თავისი ვალდებულება.