კახეთში წყალმომარაგებისთვის 2019-2020 წლებში 47 მილიონამდე დაიხარჯება

1167

ჩვენთვის ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტი არის რეგიონებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეს წლების განმავლობაში პრობლემური თემა  იყო კახეთისთვისაც და ჩვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად  გვაქვს გაზრდილი ინვესტიციები – ამის შესახებ  ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა წინანდალში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე “კახეთი 2019“  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, 2019 – 2020 წლებში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება, რომელთა ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 47 მილიონი ლარია.

“წელს  ვიწყებთ თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მეორე ფაზას, რომლისთვისაც 26 მილიონი ლარია გამოყოფილი. 2021 წლის დასაწყისში თელავს ექნება სრულიად რეაბილიტირებული წყლის ინფრასტრუქტურა და 24 საათიანი წყალმომარაგება. ასევე, ხორცილდება თელავის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, სადაც დამატებით 12 მილიონი ლარის ინვესტიცია იდება“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას, ვიცეპრემიერმა კახეთის რეგიონში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასრულებულია ლაგოდეხის წყლის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და დაწყებულია ქალაქ ყვარლის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მოწყობის საპროექტო სამუშაოები, რომელთა სამშენებლო სამუშაოებიც  მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, წლის ბოლომდე დასრულდება საგარეჯოში, სიღნაღში და ახმეტაში სრული გამართული ოპერირებისათვის საჭირო დარჩენილი სამუშაოები. მათივე ცნობით, ამჟამად სოფელ მატანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, შემოდგომიდან კი წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა დაიწყება. ასევე, სოფლების ძველი ანაგი, ველისციხე და სხვა დასახლებებში იგეგმება   წყლმომარაგების პრობლემების მოგვარება.

ვიცეპრემიერის თქმით, კახეთის შესაძლებლობების სრულად ასათვისებლად, ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს. ხოლო, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ინვესტორებს კახეთით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.