კომპანია, რომელსაც ბუშის ქუჩის გამწვანება ევალებოდა, თბილისის მერიამ გააძევა

834

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ შპს “ტაო” , რომელსაც ბუშის ქუჩის გამწვანება ევალებოდა, მერიამ გააძევა. მისი თქმით, უკვე ცნობილია ახალი კომპანია, რომელიც კონკრეტულ პროექტს აუცილებლად დაასრულებეს.

თბილისის მერი საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა.

“ხაბეიშვილი რაზეც საუბრობს, კომპანია „ტაოსა” და მერიას შორის არსებულ ურთიერთობაზე, რომ მერიამ თანხები გაფლანგა, ეს არასწორი ინფორმაციაა. ამ ადამიანის ძირითადი მიმართულება არის ისაუბროს ტყუილზე. კომპანია ჩვენ გავაძევეთ, რადგან არაჯეროვნად და არაკეთილსინდისიერად იქცეოდა. რაც შეეხება თანხებს, მათ აქვთ გადარიცხული მხოლოდ და მხოლოდ ის ნაწილი, რისი სამუშაოებიც შესრულებულია. ჩვენ გვყავს ახალი კომპანია, რომელიც ამ კონკრეტულ პროექტს აუცილებლად დაასრულებს. ასევე, მიმდინარეობს კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია, ხოლო უახლოეს დღეებში აეროპორტისკენ გადასახვევი გზის მთლიან რეაბილიტაციასაც ვიწყებთ. ასე რომ, ჩვენი მოწოდებაა, ყველა სამუშაო, რომელიც ხორციელდება, მაქსიმალურად ხარისხიანად და კვალიფიციურად შესრულდეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ბუშის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის დემონტაჟისა და გამწვანების სამუშაოებისთვის ჩატარებულ ტენდერში შპს “ტაომ” გაიმარჯვა. კომპანიამ ვალდებულების მხოლოდ ნაწილი შეასრულა, რისთვისაც აკრედიტებული ექსპერტების დასკვნის საფუძველზე კომპანიამ 100 ათას ლარამდე თანხა მიიღო. რაც შეეხება მთლიან ტენდერს, ის 1 200 000 ლარზე იყო გამოცხადებული.

შპს “ტაოსთან” თბილისის მერიამ არაერთი გაფრთხილების შემდეგ, ხელშეკრულება გაწყვიტა და ახლა “ტაო“ სასამართლოში დავობს. მერიამ განმეორებითი ტენდერი ჩაატარა, რომელშიც “გრინსერვისმა” გაიმარჯვა და სწორედ ეს კომპანია გაამწვანებს ბუშის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას.