ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერია სხვადასხვა ღონისძიებას გამართავს

780

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მერია მასშტაბურ ღონისძიებებს გამართავს.

‘იცით, რომ პირველი ივნისი არის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველ დღე უნდა დავიცვათ ბავშვების ინტერესები. რასაც ვაკეთებთ ყოველდღიურ საქმიანობაში, არის იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა იამაყონ და იცხოვრონ ძლიერ საქართველოში, ლამაზ და მოწესრიგებულ თბილისში. ამ დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია აწყობს მასშტაბურ ღონისძიებებს.

მთავარი საბავშვო საზეიმო სივრცე მოეწყობა ვაკის პარკში, სადაც 12:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით დაგეგმილია სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება.

მინდა მივმართო მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს მოიყვანეთ თქვენი შვილები, შვილიშვილები და ერთად გავერთოთ. ძალიან მაგარი ღონისძიებები იქნება: კონცერტები, საცირკო სანახაობა, თოჯინების თეატრი, დრამერებისა და ანიმატორების შოუ, განთავსდება კონტაქტური ზოოპარკი, საბავშვო გამომცემლების კუთხე, მოეწყობა საპნის ბუშტების შოუ, ასევე, კუთხე ორიგამებით მუშაობისთვის, მთელი დღის განმავლობაში ბავშვების განწყობაზე იზრუნებენ ზღაპრის გმირები.

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ, 13:00 საათიდან 19:00 საათამდე სასახლის აღსაზრდელთა კონცერტი გაიმართება. ასევე, როგორც ვიცი, გამგეობები თავიანთ რაიონებში გეგმავენ სხვადასხვა ღონისძიებას და მოდით, ეს ერთი დღე გავულამაზოთ ბავშვებს და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ ისიამოვნონ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.