გორის მერიამ რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობისთვის 200 ათას ლარი გამოყო

597

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობისთვის, 2019 წლის ბიუჯეტში 200 ათასი ლარი გაითვალისწინა, 2018 წელს კი 160 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. ინფორმაციას რადიო მოიზაკია ავრცელებს.

საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი, ზაზა ნასყიდაშვილი, აღნიშნული პროგრამის მიზნობრიობას განმარტავს. მისი თქმით, მიზანი გორის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული ძეგლების მოვლა-შენახვის, ისტორიული მნიშვნელობის ტაძრებისა და რელიგიური კერების აღდგენა-რეაბილიტაცია და ახალი რელიგიური კერების მშენებლობის ხელშეწყობაა.

“არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მოგვმართავს – ორმოცდაათიანელები იქნებიან, ევანგელისტები იქნებიან თუ მუსლიმები – ამას არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამის მიზნებს და შეფასების ინდიკატორს. შეფასების ინდიკატორი არის ისტორიული მნიშვნელობის ტაძრებისა და რელიგიური კერების რეაბილიტაცია“, – ამბობს ზაზა ნასყიდაშვილი.

გორის მერიიდან “რადი მოზაიკასთვის” მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტის მუხლში “რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა” გათვალისწინებული თანხიდან 120 000 ლარი მე-19 საუკუნემდე აშენებულ ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციისათვის გაიხარჯა, ხოლო 40 000 ლარი ეკლესიების ელექტრო ენერგიით მომარაგებისათვის.

გორის მუნიციპალიტეტში სულ 66 საკულტო ნაგებობაა. აქედან ყველაზე მეტი, 52 – მართლმადიდებლურია.