ახალციხის მერიაში აუდიტის შესვლას ითხოვენ

632

27 მაისს ახალციხის საკრებულოს დეპუტატმა თამარ გოგოლაძემ, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. გოგოლაძე ახალციხის მერიაში აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვდა, საკრებულომ კი მისი მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის საკრებულოს წევრმა და ფრაქცია “ქართული ოცნება-მწვანეების” თავმჯდომარემ, თამარ გოგოლაძემ სხდომის დაწყებისას, განაცხადა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებდა, მან პირველი საკითხის განხილვის შემდეგ სხდომა დატოვა.

“ჯერ კიდევ წინა ბიუროს სხდომაზე ვთქვი, რომ საჭიროა აუდიტის მოწვევა მერიაში, რამდენიმე მიმართულებით, იმისათვის, რომ მივიღოთ კომპეტენტური გადაწყვეტილებები. დღემდე არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ჩემს მოთხოვნას, არც უკითხავთ რის შესახებ ვითხოვდი აუდიტს“.

მერიის რომელ სამსახურებში ითხოვს დეპუტატი აუდიტის შესვლას და რას გულისხმობს “რამდენიმე მიმართულებაში“, თამარ გოგოლაძე არ აკონკრეტებს: “დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე მოვითხოვე აუდიტი, საერთოდ მოვითხოვე. ყველა საკითხი, რომელიც არის მერიიდან შემოტანილი, საჭიროებს აუდიტს“.

ერთ-ერთ ასეთ საკითხად გოგოლაძე სასპორტო სკოლის მშენებლობისთვის, ტერიტორიაზე არსებული საქვაბის შენობის დემონტაჟს ასახელებს: “დემონტაჟთან დაკავშირებით, ბიუროზე ვთქვი, რომ ყველა საკითხში შეიძლება ვერ ვერკვეოდე, ამიტომ კომპეტენტური პირის პასუხებია საჭირო, ამიტომ ვითხოვ აუდიტს“.

გოგოლაძის მიერ აუდიტის მოწვევის მოთხოვნას პირად ინტერესებს უკავშირებს საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე. მისი თქმით, მერიის სამსახურებში აუდიტის შესვლა ერთი დეპუტატის სურვილია და არა უმრავლესობის:

“ერთი პიროვნების სურვილით აუდიტის მოწვევა არ ხდება, ეს უნდა იყოს საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილება. უმრავლესობას ამაზე არ უმსჯელია. რა ინტერესი აქვს ქალბატონ თამარს ეს თვითონ უნდა თქვას. ვიღაცას რაღაც პირადი ანგარიშები ჰქონდეს, მაგათზე აუდიტს ვერ მოვიწვევთ“.