ახალქალაქში ადგილობრივებმა ორი ეკლესიის რეაბილიტაცია უნებართვოდ დაიწყეს

769

ახალქალქის ორ სოფელში, ტურცხსა და კორხში ადგილობრივებმა XIX საუკუნით დათარიღებული ეკლესიების რესტავრაცია უნებართვოდ დაიწყეს. სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა, მშენებლობის ორგანიზატორებმა გაფრთხილებები მიიღეს, ერთი მათგანი კი დაჯარიმდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ძეგლთა დაცვის სააგენტოს განცხადებით, ახალქალაქში, სოფელ ტურცხში XIX ს-ის საუკუნის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, სომხური კათოლიკური ეკლესიის სახურავის რეაბილიტაცია ადგილობრივებმა, დაახლოებით, ორი კვირის წინ ისე დაიწყეს, რომ სააგენტოსთვის თანხმობა არ უთხოვიათ.

ტურცხში კი ამბობენ, რომ ეკლესიას სახურავი დაზიანებული ჰქონდა და წყალი ჩადიოდა, ამიტომ საჭირო თანხა შეაგროვეს და სამუშაოები დაიწყეს. ხოლო, როგორც ეკლესიის წინამძღვარი ყვება, არ იცოდნენ, რომ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა.

ტურცხში მდებარე XIX ს-ის საუკუნის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2012 წლის 16 ივლისს მიენიჭა.

რაც შეეხება სოფელ კორხს, წმ.სტეფანეს (სურბ სტეფანოს) სახელობის ეკლესიაში უნებართვო სამუშაოები 12 დღის წინ დაიწყო, აქ ადგილობრივების მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა ძეგლს იერსახე შეუცვალა.

სააგენტომ ადგილობრივი იური წარუკიანი დააჯარიმა, რადგან მათი გაფრთხილების მიუხედავად, ეკლესიაზე სამუშაოებს მაინც აგრძელებდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, იური უნანიანის განმარტებით ამ ეტაპზე ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები შეჩერებულია.

კორხში მდებარე წმ.სტეფანეს (სურბ სტეფანოს) სახელობის ეკლესიას, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წლის 30 ივნისს მიენიჭა.