თბილისის მერს სთავაზობენ, ავტოსდგური “ოკრიბა” თბილისი მოლის მიმდებარედ გადაიტანოს

94

თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამის – “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი გიორგი მელითაური სთავაზობს, რომ ავტოსდგური “ოკრიბა” თბილისი მოლის მიმდებარედ გადატანოს.

“დიდუბის ავტოსადგურ “ოკრიბადან” ავტობუსების და სამარშრუტოების მიმართულება ძირითადად დასავლეთ საქართველოში გადის. აქედან გამომდინარე, ყველა სამარშრუტოს უწევს საკმაოდ დიდი ტერიტორიის გავლა ზაჰესის მიმართულებით. ამასთანავე მგზავრები შედიან და გამოდიან სადგურზე, რაც იწვევს ძალიან დიდ მოძრაობას მიმდებარე ტერიტორიაზე და შესაბამისად, ტერიტორია ფაქტობრივად მუდმივი საცობის რეჟიმშია, რაც თავის მხრივ იწვევს ეკოლოგიურად ჰაერის დაბინძურებას და მიდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დაავადებათა გაზრდის მაღალ რისკს.

მაქვს წინადადება, რომ ზემოხსენებული სადგური გადავიტანოთ თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც განტვირთავს დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიას და მთლიანად იმ გზას, სადაც დიდუბიდან გამოსულ სამარშრუტოებს გავლა უწევთ “, – განმარტავს გიორგი მელითაური.

იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2 500 ხმას შეაგროვებს. ამ დროისთვის, აღნიშნულ იდეას 12 ხმა აქვს. იდეისთვის ხმის მიცემა 18 ივნისამდეა შესაძლებელი.

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე  77 მიმდინარე, 341 დაბლოკილი, 1 უარყოფილი, 20 განსახილველი,  869 არშემდგარი და 3 შეთანხმებული იდეა ფიქსირდება.