სუს-მა “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

101

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა,  თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის’’ ავტობუსების ექსპლუატაციის უსაფრთხოების და მოძრაობის ორგანიზების სამსახურის ინსპექტორი გიორგი გ. დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი გ. საქართველოს მოქალაქეს ჰპირდებოდა შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში’’ კონდუქტორის თანამდებობაზე დანიშვნას, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 700 ლარი,”- წერია განცხადებაში.

გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ და მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.