როგორ ესმის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს დეცენტრალიზაცია – ჩინოვნიკი, რომლის გამოსვლამაც ვნებათაღელვა გამოიწვია

3326

ამ ჩინოვნიკის გამოსვლამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ორი დღის წინ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ორგანიზებით გამართულ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმზე. ფორუმის განხილვის უმთავრესი თემა ფისკალური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის საკითხები იყო.

როგორც ცნობილია, დეცენტრალიზაცია უფლებამოსილებების, ფინანსებისა და ქონების ცენტრიდან ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გადაცემას ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტიც და რეგიონული განვითარების სამინისტროც თანხმდებიან, რომ ქონებრივი დეცენტრალიზაციის გარეშე რეფორმა ვერ განხორციელდება, სწორედ ესაა ის უმთავრესი გადაუწყვეტელი საკითხი, რის გამოც ამ დრომდე დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიღება ვერ ხერხდება. ამის მიზეზი კი ეკონომიკის სამინისტროს პოზიციაა, რომელიც მის საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ქონების ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გადაცემას ეწინააღმდეგება.

ამ უწყებიდან ფორუმს ეკონომიკის მინისტრის ახალი მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე ესწრებოდა. ის ამ თანამდებობაზე 10 მაისს დაინიშნა. მანამდე ალავიძე საბანკო სექტორში საქმიანობდა და სახელმწიფო მართვის ნულოვანი გამოცდილება აქვს. როგორც მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, მოადგილის ეს პოსტი სპეციალურად შემოიღეს. “ჩვენ მივიღეთ დავალება პრემიერმინისტრისგან და განსაკუთრებული უფლებები, მოვახდინოთ კოორდინაცია ყველა სხვა უწყებაში, იგულისხმება როგორც ცენტრალური ხელისუფლების უწყებები, ასევე, თვითმმართველობები. ამისთვის შემოღებული იქნება მინისტრის მოადგილის სპეციალური პოსტი, სადაც დღეს, პრემიერის გადაწყვეტილებით, დაინიშნა ჩემი ახალი მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე“, – განაცხადა თურნავამ მისი წარდგენისას.

სწორედ ალავიძის გამოსვლა გახდა ფორუმზე ვნებათაღელვის მიზეზი, თუმცა, იმაზე, კონკრეტულად რას ჩიოდნენ მერები და რას პასუხობდა მინისტრის მოადგილე, როგორ ვარდება ამ სამინისტროს წყალობით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა და რა მდგომარეობა გვაქვს მუნიციპალიტეტებში ჩავარდნილი რეფორმის პარალელურად, მომდევნო სტატიაში მოგიყვებით. ამჯერად გთავაზობთ მისი გამოსვლის სრულ ჩანაწერს იმისათვის, რომ თვალსაჩინო გახდეს, თუ ზოგადად როგორ ესმის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, მოადგილეს, რომლის პოსტიც, როგორც მინისტრის გამოსვლიდან გაირკვა, სპეციალურად შემოიღეს და რომელსაც, სხვა საკითხებთან ერთად, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობა ევალება. ჩანაწერის ტექსტურ ვერსიას უმნიშვნელო რედაქტირებით გთავაზობთ.

ნიკოლოზ ალავიძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: “ცენტრალური ხელისუფლებიდან ხდება ინფრასტრუქტურის განვითარება, ხდება შემდეგ ამ ფინანსების ალოცირება. როდესაც მუზეუმებში, მუნიციპალიტეტებში მიდის დამსვენებელი და შემოსავალს აგენერირებს, ზუსტად ეს ის შემოსავლებია, რომლითაც, მაგალითად, გერგეტის სამებასთან მისასვლელი გზა კეთდება და ა.შ.

ეკონომიკის სამინისტროს ხედვა განპირობებულია ცენტრალური ხელისუფლების და საქართველოს მთავრობის ხედვიდან. დღეს ბატონმა პრემიერმინისტრმა ძალიან მკვეთრად და ძალიან აშკარად გაუსვა ხაზი, რომ ძლიერი სახელმწიფო ძლიერი რეგიონებით არის მხოლოდ და მხოლოდ და ამაზე ყველა ვეთანხმებით. ოღონდ ჩვენი პირადი მაგალითიდან, იმისთვის, რომ ძლიერად ვიყოთ, ჩვენი სხეულის თითოეულ ნაწილს თანაბრად ვცდილობთ, რომ განვავითაროთ, თანაბრად ვივარჯიშოთ და თანაბრად ვიყოთ მობილიზებულები ყველა გამოწვევის მიმართ, რომელიც ჩვენ წინაშე დგება.

რაც შეეხება კონკრეტულად აი ამ მიწის ნაკვეთების განკარგვის საკითხს, პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და ძალიან აქტიურ დამუშავებაშია. თქვენ აღნიშნეთ, რომ აქედან ძალიან დიდი ნაწილი არ არის აღრიცხული. ან თუ არის აღრიცხული, არ არის კომპეტენტურად აღრიცხული, ამასაც თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. შეთქმულების თეორიებით თუ არ ვიხელმძღვანელებთ, ამას აქვს მართლა ობიექტური მიზეზები. ეკონომიკის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს, იმიტომ, რომ აქვს დავალება პრემიერმინისტრისგან ძალიან მკვეთრი და ამაზე ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. თუმცაღა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ასევე, შევხედოთ იმ ეფექტურობის ხარისხს, რომლითაც ახლა ხდება მართვა ამ აქტივების და როგორ გვინდა, რომ ჩვენ მარგი ქმედების კოეფიციენტი რამხელა იყოს ამ ქონების კონკრეტული მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის შემთხვევაში, რა უნდა მივიღოთ.

გაჟღერდა ციფრები. ახლა ვართ ჩვენს მიზნობრივ ციფრებთან ნახევარ გზაზე, 7%-ზეა შიდა პროდუქტში მუნიციპალიტეტების წილის გაზრდაზე საუბარი. დამეთანხმეთ, რომ ძალიან დაბალია. ახლა, ამ გადასახედით არის ეს ე.წ. cost ცენტრები, რომლებიც ფინანსდება ცენტრალური ხელისუფლებიდან და მუნიციპალიტეტები არიან გარკვეულწილად რაღაც სერვისების შემქმნელიც და გამტარიც. ჩვენ გვინდა, რომ ეს გამტარუნარიანობა გაიზარდოს. აბსოლუტურად ღია არის ეკონომიკის სამინისტრო. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელსაც დღეს ქალბატონმა პრეზიდენტმა ძალიან კარგად და აქცენტირებულად გაუსვა ხაზი, არის პროექტი „აწარმოე საქართველოში“, რომელიც აერთიანებს მრავალ მიმართულებას. ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული პროტდუქტი. ძალიან კარგად აღნიშნეს აქ ბატონებმა რაჭიდან, რომ რაჭაში იქნება, იმერეთში თუ კახეთში, უამრავი ჩვენთვის პრიორიტეტული დარგის განვითარების, ეს იქნება მეღვინეობის თუ ტურიზმის განვითარება, სწორედ ეს პროექტი ემუშავება ამ განვითარებაზე. ეს პროდუქტი არ არის მარტო ფინანსური კომპონენტი, ანუ ეს არის კომპლექსური კომპონენტი, რომელიც მოიცავს მიწის კომპონენტსაც, მოიცავს განათლების კომპონენტსაც და რა თქმა უნდა, მოიცავს ფინანსირებაში გვერდში დადგომის, სწორი მიმართულების მიცემის, დეტალური კონსალტინგის, შემდეგ ამ რესურსის მოზიდვის და რაც ყველაზე მთავარია, ამ რესურსის ეფექტურად და ყაირათიანად გამოყენების მიმართულებას და მხარდაჭერას.

ანუ ეს ფუნქციები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს აქვს ნატვირთი თავის თავზე, რომ იყოს, რა თქმა უნდა, „თავდასხმის ობიექტი“, რომ აი, მიწებს არ იძლევა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ, თუმცა, პროცესი მიმდინარეობს. ვიდრე ეს პროცესი დამთავრდება, ჩვენ არ გვინდა, რომ ვიჩქაროთ ძალიან და რაღაცა არასწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ, იმიტომ, რომ ამ ქონების განკარგვაში გადაცემა კონკრეტულ მუნიციპალიტეტზე, არის დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაც. ამას აქვს ერთჯერადი ეფექტი. ჩვენი მთავარი მიზანი, საქართველოს მთავრობის მიზანია, რომ ეს ზრდა, ამაზე ყოველთვის ვსაუბრობთ ხოლმე, იყოს ინკლუზიური. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა თანაბრად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. ეს არის საათის მექანიზმი, რომელიც მინიმუმ 300 დეტალისგან შედგება, პირობითად და ყველა სამასივე დეტალს, მიუხედავად მათი ზომისა, მათი ქიმიური შემადგენლობისა, უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია მთლიანი მექანიზმის მთლიანი ფუნქციის შესრულებაში. ეს არის ინკლუზიური ზრდის არსიც და ეს არის ჩვენი ხედვაც. ჩვენ ვართ დიდი ნაწილის პატარა მოთამაშეები, თუმცა, თავდაუზოგავად ვცდილობთ, რომ ამ პროცესში ვიყოთ ჩართულები.

ძალიან აქტიურად მიმდინარეობს დიდი გამოწვევის, რასაც ჰქვია ჩვენს ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთების აღრიცხვა და მათი ეფექტურობის დათვლა. პარალელურად, ვმუშაობთ ყველა მიმართულებაზე, რომ გამოვარკვიოთ უკეთესად ეფექტურობის კუთხით, თუ რომელი ნაკვეთი რომელი მუნიციპალტეტისთვის საინტერესო და უკეთესი იქნება, რომ მაქსიმალური მასშტაბურობა ჰქონდეს ამას. ჩვენ არა ვართ განებივრებული რაღაც დიდი გეოგრაფიული ტერიტორიებით. რაც გვაქვს, იმაზეც გვედავებიან და გვაქვს შეზღუდვები. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად ეფექტიანი და ეფექტური გადაწყვეტილებები მივიღოთ. უნდა მივიღოთ ეფექტური გადაწყვეტილებები, რომ ეფექტიანად მოვახდინოთ ჩვენი აქტივების მართვა”.