დიდუბის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტები 14 მისამართზე დასრულდა

685

დიდუბის რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი 14 მისამართზე დაასრულა.

“სამუშაოების ფარგლებში, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხუთ მისამართზე ამორტიზებულ წყალარინებისა და წყლის ქსელს რეაბილიტაცია ჩაუტარა. დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-9 კორპუსსა და ქურდიანის ქუჩის N7-ში კი დაზიანებული კიბეები აღადგინეს. ასევე, დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-7 კორპუსისა და სამტრედიის ქუჩის N6 კორპუსის სადარბაზოებს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. ხოლო, საცხოვრებელი შენობის ქანობიანი სახურავები შეიცვალა გორის ქუჩის N31-სა და დიღმის მასივის მე-4 კვარტლის 22-ე კორპუსში. აკაკი წერეთლის გამზირის კორპუსი N13-ის, აბასთუმნის ქუჩის N8-სა და დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-9 კორპუსის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მოთხოვნის საფუძველზე კი, შეიცვალა დაზიანებული ლიფტები”, -აცხადებენ გამგეობაში.

აღნიშნული სამუშაოებისთვის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 258 058 ლარი გამოიყო.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო 25 ობიექტზე მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება.