სამგორის რაიონში რამდენიმე მისამართზე დასასვენებელ სივრცეებს აწყობენ

844

სამგორის რაიონში სხვადასხვა მისამართზე სპორტული ინფრასტრუქტურისა და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ახალი სპორტული მოედნის მოწყობა გუმათჰესისა და ცისკარიშვილის ქუჩებს შორის არსებულ პარკში მიმდინარეობს.

“920 კვ.მ ფართობის ხელოვნურსაფარიანი მოედანი თანამედროვე სტანდარტის იქნება. სამუშაოების ფარგლებში, სპეციალური პანდუსი მოეწყობა და შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებული გარემო შეიქმნება. ასევე, დამონტაჟდება გარეგანათების სისტემა”, – ამბობენ გამგეობაში.

ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედნის მოწყობისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 190 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს კი გამგეობის კონტრაქტორი კომპანია “გლობალ სტანდარტმშენი“ აწარმოებს.

ამასთან, გამგების ცნობით, ქვემო სამგორში კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე ეწყობა და გარდაბნის გზატკეცილზე N145-146-ის მიმდებარედ არსებული, ახალი სკვერი უახლოეს მომავალში გაიხსნება.

“პროექტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 900 კვ.მ ფართობზე სრულდება. კაუჩუკისსაფარიან მოედნებზე სხვადასხვა ტიპის საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება. ტერიტორიაზე უკვე განთავსებულია სკამები და ურნები, მონტაჟდება გარეგანათების სისტემა. ასევე, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა”, – განმარტეს გამგეობაში.

აღნიშნული პროექტი სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 84 000 ლარით ფინანსდება.