ახალქალაქში გოგაშენი–ვარძიის დამეწყრილი გზა გეოლოგებმა შეისწავლეს

72

სტატიის გაგრძელება

ახალქალაქში, გოგაშენი–ვარძიის გზა, სადაც შვიდი დღის წინ მეწყერი ჩამოწვა არ გაწმენდილა. ტერიტორია გეოლოგიური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეისწავლეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

დამეწყრილი ტერიტორია გეოლოგიური დეპარტამენტის სპეციალისტებმა, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მოთხოვნით 18 მაისს შეისწავლეს.

მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილის შალვა ბერძენიშვილის განმარტებით გოგაშენი–ვარძიის გზა აღდგენას ექვემდებარება.

„გაწმენდითი სამუშაოები დიდი სიფრთხილით უნდა ჩატარდეს, რადგან მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ, გზის ზედა მხარეს კლდის ნაწილი და ლოდები დარჩა. შესაძლებელია ნებისმიერ დროს ჩამოიშალოს და საფრთხე შექმნას“, – განმარტავს შალვა ბერძენიშვილი.

მისი თქმით საფრთხის თავიდან ასაცილებლად უნდა გაიწმინდოს დამეწყრილი გზის ზედა მხარე, საიდანაც ლოდების ჩამოცვენის საშიშროებაა.

გეოლოგების განმარტებით გოგაშენი–ვარძიის სხვა ტერიტორიაზე მეწყერის განვითარების საშიშროება არ არსებობს, თუმცა მსგავსი პროცესების თავიდან ასარიდებლად, გზის გაწმენდის შემდეგ საყრდენი კედლები მოეწყობა.

სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ფინანსების მოძიებაზე მუშაობენ, შემდეგ კი გზის გასაწმენდად ტენდერს გამოაცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ გოგაშენი–ვარძიის გზაზე მეწყერი 13 მაისს, ღამე ჩამოწვა და გზა მთლიანად გადაკეტა. მეწყერული პროცესების განვითარება სოფელ გოგაშენამდე კილომეტრნახევარში მოხდა. კლდისა და მიწის მასამ გზის 45 მეტრიანი მონაკვეთი დაფარა.