გაბუნია: თუ ქალაქებს არ ექნათ შესაძლებლობა, განკარგონ ადგილობრივი ქონება და კაპიტალი და თუ მათ არ გადაეცათ საჭირო ფინანსები, არ იარსებებს თვითმმართველობის იდეაც

263

წინა სტატია

თუ ქალაქებს არ ექნათ შესაძლებლობა, განკარგონ ადგილობრივი ქონება და კაპიტალი და თუ მათ არ გადაეცათ საჭირო ფინანსები, არ იარსებებს თვითმმართელობის იდეაც, – ამის შესახებ  რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ, წყალტუბოში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი IV ფორუმზე – “რეგიონული ეკონომიკა – ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტი“ განაცხადა.

ფორუმის მონაწილეებს ზაზა გაბუნიამ მოხსენებით მიმართა და რეგიონების და მუნიციპალიტეტების ეკონომიკური და ფინანსური გაძლიერების საკითხებზე ისაუბრა.

“ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დეცენტრალიზაციის პოლიტიკა არის მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის, სამოქალაქო ინტეგრაციის, ქალაქების და რეგიონების საცხოვრებლად და სამუშაოდ მიმზიდველ ადგილებად ქცევისთვის უკვე კარგად აპრობირებული და წარმატებული პოლიტიკა, რეფორმა და მოდელი პარტნიორ ევროპულ სახელმწიფოებში. დეცენტრალიზაცია მიმდინარეობს სახელმწიფო ხელისუფლებიდან, რადგან სწორედ ცენტრის მხარდაჭერითაა შესაძლებელი ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიძინოს ის უფლებამოსილებები, რაც მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის, თუმცა, ამავდროულად ყველას გვესმის, რომ განვითარება შეუძლებელია ეკონომიკური გაძლიერების ახალი შესაძლებლობების გარეშე.

თუ ქალაქებს არ ექნათ შესაძლებლობა განკარგონ ადგილობრივი ქონება და კაპიტალი და თუ მათ არ გადაეცათ საჭირო ფინანსები, არ იარსებებს თვითმმართველობის იდეაც. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომლითაც სახელმწიფო ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება მუნიციპალიტეტები უზრუნველყოს მათი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონებრივი და ფინანსური შესაძლებლობებით. ეს კონსტიტუციური წინაპირობები კი როგორც პარლამენტს, ისე მთავრობას გვავალდებულებს გადავდგათ ნაბიჯები ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, საჭიროა მცირე/საშუალო ბიზნესის და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის შესაძლებლობების გაჩენა, რადგან სწორედ ამ ფუნქციის შესრულებით მუნიციპალიტეტი ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს მიაღწევს. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, მუნიციპალიტეტების და ბიზნესის თანამშრომლობა შესაძლებელია, მაშინ როცა ადგილობრივი ხელისუფლება განკარგავს ადგილობრივ ქონებას და კაპიტალს, სწორედ ამიტომ და ამისთვის საჭიროა არამხოლოდ უფლებამოსილებათა, არამედ ქონების დეცენტრალიზაციაც.

“დღეს მუნიციპალიტეტების წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3.5%-ზეა, ეს არ არის საკმარისი, ამიტომ მთავრობის მიერ მომზადებულ სტრატეგიაში გაიწერა 7%-იანი ზღვარის მიღწევის ამოცანა, რაც მნიშვნელოვანია რადგან შემდგარ, დეცენტრალიზებულ, ევროპულ ქვეყნებში მუნიციპალიტეტები ხარჯავენ საჯარო ფინანსების 25-30%-ს, რადგან ჩვენი მიზანია არა უბრალოდ სერვისის მიმწოდებელი და ერთჯერადი სოციალური დახმარებების გამცემი მუნიციპალიტეტები, არამედ ეკონომიკური განვითარების პროცესში მონაწილე მუნიციპალიტეტები. ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, რომლის მიღებიდან 15 წლის იუბილეს აღვნიშნავთ დღეს, გვავალდებულებს, აღვადგინოთ გათანაბრების პოლიტიკა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილიდან შეიქმნას გათანაბრების ფონდი.

მუნიციპალიტეტისთვის ფინანსური რესურსების და ქონების გადაცემით, ანუ კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებით ჩვენ გავაჩენთ შესაძლებლობას იმისა, რომ ქალაქებმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ იფიქროს არა მოკლევადიან და 1 წლიან დაგეგმვაზე, არამედ შეძლონ 3-4-5 წლიანი განვითარების გეგმების შედგენა. ამ საკითხების მხრივ სამუშაოები ჩასატარებელია და მე იმედი მაქვს რომ ჩვენ თანმიმდევრულად მივაღწევთ ევროპულ სტანდარტებს, რადგან ფინანსურად ძლიერი და ქონების მესაკუთრე მუნიციპალიტეტები იქნება ეკონომიკური განვითარების პროცესში ცენტრალური ხელისუფლების და ბიზნესის მთავარი დასაყრდენი.

ჩემთვის დეცენტრალიზაციის რეფორმა გახლავთ ცივილიზაციური საკითხი, რადგან 100 წლის წინ ჩვენ ამ რეფორმის და პოლიტიკის დანერგვის საკითხში ევროპაში და მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გახლდით. 100 წლის წინ თვითმმართველობის კომპეტენცია იყო ადგილობრივი გადასახადის დაწესება-აკრეფა; ადგილობრივი უძრავი ქონების და კაპიტალის მართვა; მიწის გადასახადის 30% თვითმმართველობებს რჩებოდათ და სხვა. ეს იყო დეცენტრალიზებული სახელმწიფოს მოდელი და ხალხთან ახლოს მყოფი მმართველობა“, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.