NDI-ის კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 56% ცუდად, 36% კი დადებითად აფასებს

745

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც მთავრობის საქმიანობას ნეგატიურად აფასებენ, მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

კითხვაზე: როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, აპრილის თვეში გამოკითხულთა 56% პასუხობს, რომ ცუდად. 36% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს, 6%-მა არ იცის ამ კითხვაზე პასუხი, ხოლო 1% უარს ამბობს პასუხზე.

ამავე კითხვაზე 2018 წლის დეკემბერში გამოკითხულთა 53%-მა მთავრობის საქმიანობა ცუდად შეაფასა, ხოლო 44% -მა კარგად. 2018 წლის მარტში მოსახლეობის მიერ მთავრობის საქმიანობის შეფასება, ასევე უარყოფითი იყო. გამოკითხულთა 49% -ის მიერ მთავრობის საქმიანობა შეფასებულია ცუდად, ხოლო 45%-ის მიერ კარგად.

“ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” (NDI) და “CRRC-საქართველომ” მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა.

საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.