შუახევში ენერგოეფექტური ღუმელების დასამზადებელი სახელოსნო გაიხსნა

2816

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულში პროექტი – “ახალი ტექნოლოგიების სახელოსნო – ენერგოეფექტური ღუმელები/წყლის გამაცხელებელი” – განხორციელდება. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

პროექტს საერთაშორისო ორგანიზაცია “ოქსფამი”, არასამთავრობო ორგანიზაცია “ბრიჯ-ინოვაცია და გაერთიანება” და ასოციაცია “შავი ზღვის ეკოაკადემია” ახორციელებენ. პროექტის ავტორთა თქმით, ენერგოეფექტური ღუმელები მოსახლეობაში შეშის მოხმარებას შეამცირებს, რაც მათ ხარჯებსაც დაუზოგავს და ტყის გაჩეხვაც შემცირდება.

ახალი ტექნოლოგიების სახელოსნო შუახევში უკვე გაიხსნა. პროექტის ფარგლებში, შუახევის სოფელ ნიგაზეულის მოსახლეობას  ენერგოეფექტური ღუმელის დამზადებაში სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდა. მათ რვა ასეთი ღუმელი უკვე დაამზადეს და ამავე სოფლის რვა ოჯახს გადასცეს.