გორში ველობილიკის გაკეთების მოთხოვნით მდუმარე აქცია გაიმართება

1406

გორელი ველომოყვარულები მდუმარე აქციას გამართავენ. როგორც აქციის ორგანიზატორი, ლადო მიხანაშვილი აცხადებს, ქალაქში ველობილიკი არ არსებობს, რის გამოც გადაადგილება სახიფათოა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“ამ აქციის მიზანი არის ის, რომ მოეწყოს ველობილიკი ქალაქში. უბრალოდ, გადაადგილება არის საფრთხის შემცველი. ველოსიპედიც არის ტრანსპორტი და არა მხოლოდ გასართობი საშუალება. არ შეიძლება ტროტუარზე ველოსიპედით გადაადგილება, რადგან მაღალია ალბათობა იმისა, რომ დაეჯახო ქვეითს.

რაც შეეხება გზაზე მოძრაობას, ახლა უკვე ველოსიპედისტია საფრთხის ქვეშ, რადგან ამ მხრივ არ არის მოწესრიგებული შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამიტომაც გვინდა, რომ მოეწყოს ველობილიკი და ველოსიპედით მოსარგებლეებს თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება მიეცეთ”,- ამბობს ლადო მიხანაშვილი.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ გორში, მშვიდობის გამზირზე ველობოლიკის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს, დაახლოებით, 5 000 ლარი დაუჯდება.

“საავტომობილო გზისა და ველობილიკის ღერძულა ხაზით გამოყოფა არ ჯდება დიდი თანხა. ჩვენ დავითვალეთ და მაქსიმუმ 5 000 ლარია. იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებს”, – აცხადებს მიხანაშვილი.

მდუნარე აქცია გორში 31 მაისს, 16:00 საათზე, მშვიდობის ქუჩაზე გაიმართება.