მერის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს

210

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში მერის რიგგარეშე არჩევნებში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ხუთივე მუნიციპალიტეტში ხმები ყველა უბანზე უკვე დათვლილია.

ცესკო-ს მონაცემებით, ზუგდიდში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმათა 54.18%-ით (30 470 ხმა) გაიმარჯვა, ხოლო მეორე ადგილზე გასულმა გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ხმების 42.84% (24 095 ხმა) მიიღო.

ასევე, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა გაიმარჯვა მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში და ხმების 78.6% (28 088 ხმა) დააგროვა. მეორე ადგილი კი აქაც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა აგილ მუსტაფაევმა დაიკავა, რომელსაც ხმების 11.49% (4 106 ხმა)  აქვს მიღებული.

გამარჯვება მოიპოვა მმართველი პარტიის კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სადაც მან ხმების 50.75% (12 876 ხმა) მიიღო. მეორე ადგილი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ხმების 34.26-ით დაიკავა.

ხმების 64.58% (11 721 ხმა) მიიღო  და გაიმარჯვა მმართველი პარტიის კანდიდატმა გივი მოდებაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მეორე ადგილი ჭიათურის მერის რიგგარეშე არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა ზურაბ კუპატაძემ ხმების 17.99%-ით (3 265 ხმა) დაიკავა.

რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს აქ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ 70.91%-ით (9 909ხმა) მოიგო. მეორე ადგილზე გასულმა გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ირაკლი ჯორბენაძემ კი ხმათა 23.74% (3 318 ხმა) მოიპოვა.

ასევე, შუალედურ არჩევნებში, 8-ვე ოლქში, გამარჯვება მოიპოვეს “ქართული ოცნების“ კანდიდატებმა. საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში ჩატარდა.

უფრო კონკრეტულად, ყველა უბნის მონაცემებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზურაბ შინდელაშვილმა 72,4%-ით მოიპოვა. ეს რაოდენობრივად 244 ხმაა. მეორე ადგილს 26,71%-ით იკავებს „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის კანდიდატი ირაკლი ჯინჭარაძე. მან 90 ხმა მიიღო.

ახმეტის საარჩევნო ოლქში 2 უბნიდან 2-ვე უბნის მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა როსტომ ალხანაშვილმა ხმების 96,49 % მიიღო (577 ხმა).

ადიგენში მხოლოდ 1 უბანი იყო გახსნილი, რომლის მონაცემების დათვლის შედეგად, „ქართული ოცნების“ კანდიდატ გენადი ბოლქვაძეს 93,89 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

ზესტაფონში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში 2 უბანი იყო გახსნილი და ორივეს შედეგებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნუგზარ ფერაძეს ამომრჩეველთა 69,71 %-მა დაუჭირა მხარი, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გაგა ლაბაძეს კი – 29,84 %-მა.

ჭიათურის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები ასეთია: „ქართული ოცნების“ კანდიდატი – თეიმურაზ ჭუმბურიძე – 46,82 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ილიკო ჩიკვილაძე – 27 %. აღნიშნულ ოლქში 7 უბანი იყო გახსნილი და დათვლილია ყველა მათგანის შედეგები.

ტყიბულში, 4 უბნიდან 4-ვეს მონაცემების მიხედვით, “ქართული ოცნების“ კანდიდატ რომან მაწკეპლაძეს 63,23 %-იანი მხარდაჭერა აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ დავით ლომიძეს კი – 28,68 %.

წყალტუბოში საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები, 4-დან 4 უბნის მონაცემების დათვლის შედეგად ასეთია: „ქართული ოცნების“ კანდიდატი ომარ სინაურიძე – 78,41 %, “ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ზაურ ქაშიბაძე – 19,72 %.

ოზურგეთში 5 უბნიდან 5-ვეს მონაცემების დათვლის შედეგად კი, „ქართული ოცნების“ კანდიდატ დავით მდინარაძეს ამომრჩეველთა 71,75 %-მა დაუჭირა მხარი, მეორე ადგილზე კი 15,85 %-იანი მხარდაჭერით “ევროპული საქართველოს“ კანდიდატი იაკობ ზაქარეიშვილია.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს საქართველოში მერების რიგგარეშე და პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა. სადაც საერთო ჯამში 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

რაც შეეხება მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქს, სადაც საქართველოს პარლამენტის წევრს ირჩევდნენ, აქ 31-ვე უბანი უკვე დათვლილია და ცესკოს-ს მონაცემებით, ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ხმათა 36.83% (5 422 ხმა), ხოლო “ქართული ოცნების” კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმათა 41% (6 036 ხმა) დააგროვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება. მეორე ტური, კანონმდებლობის თანახმად, 13 ივნისამდე უნდა დაინიშნოს.