თინა ბოკუჩავა ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანიდან გააძევეს

236

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინათინ ბოკუჩავა ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან გააძევეს. ბოკუჩავამ მათ წინააღმდეგობას უწევდა და ცესკოს თავმჯდომარესთან დარეკვას მოითხოვდა.

როგორც უბანზე განაცხადეს, ბოკუჩავას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და შესაბამისი დოკუმენტაცია არ ჰქონდა, რის გამოც ის ხმის დათვლის პროცესს ვერ დაესწრებოდა.

ბოკუჩავას თქმით, მას პარლამენტის წევრის საშვი აძლევს უფლებას, რომ უბანზე იყოს.

20 საათისთვის საარჩევნო უბნებში ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. როგორც ცნობილია, დილის 8 საათიდან საქართველოს 5 ქალაქში – ხულოში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ჭიათურასა და მარნეულში მერების რიგგარეშე, 8 მუნიციპალიტეტში –  საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში საკრებულოს წევრთა შუალედური, ხოლო თბილისში, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის შუალედური არჩევნების ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობდა.

ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. პროცედურულად, საუბნო საარჩევნო კომისიებმა ხმების დათვლა უნდა დაიწყონ, რის შემდეგაც შედეგებს საოლქო საარჩევნო კომისიაში გააგზავნიან, საოლქო კომისია კი შედეგებს ცესკოს მიაწვდის.