ჩუგოშვილი ხმის დათვლის პროცესში ოპონენტთა მხრიდან პროვოკაციებს არ გამორიცხავს

1152

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ყველა ოლქში, სადაც ოპონენტები კონცენტრირებულები არ იყვნენ, ხმის მიცემის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, ხოლო იქ, სადაც კონცენტრირებულები იყვნენ, მთელი დღის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო.

ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ხმების დათვლის პროცესში, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, რომლებიც დამკვირვებლების საფარქვეშ არიან შენიღბულები, პროცესის ჩაშლას შეეცდებიან, ამიტომ მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებს, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ, რათა არც ერთი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს.

რაც შეეხება შესაძლო მეორე ტურებს, ჩუგოშვილი ვარაუდობს, რომ უმეტეს ოლქებს პირველივე ტურში მოიგებენ, თუმცა, რამდენიმე ოლქში მეორე ტურს არ გამორიცხავს.

შეგახსნებთ, რომ დილის 8 საათიდან საქართველოს 5 ქალაქში – ხულოში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ჭიათურასა და მარნეულში მერების რიგგარეშე, 8 მუნიციპალიტეტში –  საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში საკრებულოს წევრთა შუალედური, ხოლო თბილისში, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის შუალედური არჩევნების ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობდა.