ამ დროისთვის, ყველაზე მეტი საჩივარი ზუგდიდისა და მარნეულის ოლქებში დაიწერა

846

ამ დროის მონაცემებით, ყველაზე მეტი საჩივარი ზუგდიდისა და მარნეულის ოლქებში დაიწერა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 68 საჩივარია შესული, საიდანაც 30 ზუგდიდზე, ხოლო 20 მარნეულზე მოდის.

“ამ დროის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 68 საჩივარი. მათგან ზუგდიდში – 30, მარნეულში – 20, ზესტაფონში 5, ხულოში – 11, ოზურგეთში 1, თბილისში, მთაწმინდაზე -1. ეს საჩივრები ძირითადად შეეხება პროცედურულ ხასიათის ხარვეზებს.

მაგალითად, ზუგდიდის 97-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, სამი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი ერეოდა და ხელს უშლიდა კომისიის საქმიანობას. მას შემდეგ, რაც აღნიშნული დამკვირვებლები არ დაემორჩილნენ კომისიის თავმჯდომარის მოწოდებას უბნის დატოვების შესახებ, თავმჯდომარე იძულებული გახდა, პოლიცია გამოეძახებინა,“ – განაცხადა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.

ამასთან, ცესკოს განმარტებით, საარჩევნო უბანზე კომისიების წევრების მიერ მკაცრად მოწმდება ამომრჩეველთა პირადობის მოწმობები და მათი იდენტიფიცირება ბიულეტენების გაცემამდე ხდება.

“საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში. ყველა საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიერ მკაცრად მოწმდება ამომრჩეველთა პირადობების დამადასტურებელი მოწმობები და მათი იდენტიფიცირება ხდება ბიულეტენების გაცემამდე. ამასთან, არცერთი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან ამომრჩევლის იდენტიფიცირების გარეშე ბიულეტენის გაცემასთან დაკავშირებით, არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

საარჩევნო უბნების დახურვამდე დარჩენილია რამდენიმე საათი. საარჩევნო ადმინისტრაცია თითოეულ ამომრჩეველს მოუწოდებს, იაქტიუროს, ვინაიდან თითოეული მათგანის ხმა მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა ანა მიქელაძემ.