15 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 50%-ს მხოლოდ ერთ ოლქში გადააჭარბა

736

წინა სტატია

შემდეგი სტატია

15 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 50%-ს მხოლოდ ერთ ოლქში გადააჭარბა. საგარეჯოს საარჩევნო ოლქში, სადაც საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, ამომრჩეველთა აქტივობა კვლავაც ყველაზე მაღალია. ამ ოლქში საკუთარი არჩევანი უკვე ამომრჩეველთა 56.4%-მა (257 ამომრჩეველი) დააფიქსირა.

საგარეჯოს შემდეგ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი რაოდენობა მივიდა ადიგენში, სადაც, ასევე, საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. ადიგენში მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობა 42.9%-ია (482 ამომრჩეველი).

ამომრჩეველთა 40.6% (9 782) მივიდა საარჩევნო უბნებზე ხულოში, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. ახმეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში 15 საათისთვის ამომრჩეველთა 36.4%-მა (444 ამომრჩეველი) მიიღო მონაწილეობა.

წყალტუბოში, სადაც საკრებულოს წევრს ირჩევენ, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 35.4% (1493) მივიდა. ზუგდიდში კი, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნები ყველაზე დაძაბულ ფონზე მიმდინარეობს, საკუთარი ნება ამომრჩეველთა 32.8%-მა (39 678) გამოხატა.

ამომრჩევლის 32.4%-მა (13 908 ამომრჩეველი) მიიღო არჩევნებში მონაწილეობა ჭიათურაში, სადაც ახალ მერს და საკრებულოს წევრს ირჩევენ. 31.7%-მა (1613 ამომრჩეველი) უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი ოზურგეთშიც, სადაც საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

რაც შეეხება ზესტაფონს, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს, ამომრჩეველთა 30.5%-მა (16737 ამომრჩეველი) მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ტყიბულის შუალედურ არჩევნებში – ამომრჩეველთა 29.6%-მა (1054).

ამომრჩეველთა მხოლოდ 22.6%-ია მისული საარჩევნო უბნებზე მარნეულში, სადაც ახალ მერს ირჩევენ.

რაც შეეხება თბილისის მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, სადაც პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარი უნდა აირჩიონ, აქ ამომრჩეველთა აქტივობა ყველაზე დაბალია – 21% (9226 ამომრჩეველი).