საია: კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები შემაშფოთებელია

628

წინა სტატია

შემაშფოთებელია მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები, – ამის შესახებ საია-ს მიერ კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგების შეფასებაშია აღნიშნული.

“დღის 14:00 საათისთვის საია-ს დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კენჭისყრის პროცედურები ყველა უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო. თუმცა გამოიკვეთა ერთი ნეგატიური ტენდენცია, რომელიც დაძაბულ გარემოსა და ამომრჩევლის ნების კონტროლს უკავშირდება.

ამ დროისთვის ზუგდიდის საარჩევნო ოლქის სხვადასხვა უბანსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე შეხლა-შემოხლის ფაქტები დაფიქსირდა. ინცინდენტები მოხდა #9, #95 და #97, #87 საარჩევნო უბნებზე. საია მიიჩნევს, რომ ამგვარი ფაქტები ამომრჩეველში აჩენს ხმის მიცემის პროცესიდან დისტანცირების სურვილს და უარყოფით გავლენას ახდენს მათ მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე.

ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე, ასევე, უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება. ისინი ან დისტანციურად აღრიცხავენ ხმის მისაცემად მოსულ მოქალაქეებს, ან ფოტო-ვიდეო გადაღებით აღბეჭდავენ უბანზე მისვლის პროცესს. მსგავსი შეთხვევები ვიდეო კადრებზე ზუგდიდის ოლქში #1 და #4 უბნებზე საიას დამკვირვებლებმაც დააფიქსირეს. მართალია, არცერთი ეს შემთხვევა კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ის დისკომფორტს უქმნის ამომრჩეველს და მათ კონტროლის განცდას უჩენს. ეს უარყოფითი ფაქტები წინა რამდენიმე არჩევნების დროს გამოვლენილი ტენდენციაა და უარყოფითად არის შეფასებული, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ. კიდევ უფრო შემაშფოთებელია მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები.

ფარულობის პრინციპი ირღვევა წყალტუბოში, სადაც ელექტრონული ხმის დათვლის ტესტირება მიმდინარეობს. საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ბიულეტენის სკანერს რამდენჯერმე შეექმნა ტექნიკური პრობლემა. მისი გადაჭრისას საჭიროა შევსებული ბიულეტენის მოწყობილებიდან ამოღება, რა დროსაც შესაძლებელია მოქალაქის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირება”, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

მათივე ცნობით,  საარჩევნო უბნების უმრავლესობაში დამკვირვებლის სტატუსის მქონე პირთა დიდი რაოდენობა იმყოფება, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევაა. მან უნდა უზრუნველყოს სადამკვირვებლო სივრცის სამართლიანი განაწილება ისე, რომ ხმის მიცემის პროცესის დროს დაბრკოლებები არ შეექმნათ ამომრჩევლებს.

ამ ეტაპზე საიას დამკვირვებლების მიერ ზუგდიდის ოლქში სულ 5 საჩივარი დაიწერა:  N73 და N75 საარჩევნო უბნებზე – წილისყრის პროცედურების დარღვევა (წილისყრის პროცედურებში მონაწილოებაზე უარი; წილისყრით გამოვლენილ ფუნქციაზე უარის თქმა);

N10 და N32 უბნები – კენჭისყრის პროცედურის დარღვევა (გადასატანი ყუთის სიაში მყოფმა პირმა ხმა უბანზე მისცა; კაბინაში კონვერტის შეტანის ფაქტი);

N108 უბანი – საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა (უბანში ტვ „იმედის“ „სტრინგერი“ – Live რეპორტიორი მოწმობის გარეშე შეუშვეს – ამ დროისთვის ხარვეზი აღმოფხვრილია);

ხოლო, ამ ეტაპზე საიას დამკვირვებლების მიერ მარნეულის ოლქში დაიწერა სულ 1 საჩივარი: N83 უბანში – განმეორებითი ხმის მიცემა (მარკირება გავლილმა პირმა მეორედ მისცა ხმა).