12 საათისთვის მარნეულის ოლქში 14 საჩივარია დაწერილი, 1 ფაქტზე კი გამოძიებაა დაწყებული

685

12:00 საათის მონაცემებით, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 14 საჩივარია შესული. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო “მარნეული” ავრცელებს.

მერის რიგგარეშე არჩევნებზე, 12:00 საათის მონაცემებით, საჩივრების რაოდენობა ორჯერ აღემატება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამავე პერიოდის მონაცემებს. საპრეზიდენტო არჩევნებზე 12:00 საათის მონაცემებით 7 საჩივარი იყო დაწერილი, – წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ დარღვევასთან დაკავშირებით შსს-მ საქმეც აღძრა. კერძოდ, სოფელ სადახლოში N31 უბანზე ცემის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 162 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც კენჭისყრის შენობაში ან მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.

“ევროპული საქართველოს” დამკვირვებელი ტახირ ალიევი, რომელიც აცხადებდა, რომ სადახლოში მარნეულის მერის წარმომადგენელმა სცემა, გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.