ცესკო: დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლების პირადობის მოწმობების გამორთმევა და მონაცემების ჩანიშვნა დაფიქსირდა

139

დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლების პირადობის მოწმობების გამორთმევა და მონაცემების ჩანიშვნა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ცესკო ამომრჩევლებს შეახსენებს, რომ მათ არ აქვთ ვალდებულება, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უბანზე ყოფნის უფლების მქონე რომელიმე პირს გადასცენ, გარდა საარჩევნო უბნის კომისიის წევრისა.

“დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლების პირადობის მოწმობების შემოწმება, მათ შორის, გამორთმევა და მონაცემების ჩანიშვნა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველს არ აქვს ვალდებულება, აჩვენოს ან გადასცეს პირადობის მოწმობის დოკუმენტი უბანზე ყოფნის უფლების მქონე არცერთ პირს, გარდა საარჩევნო უბნის კომისიის წევრისა. მხოლოდ ნაკადის მომწესრიგებელსა და რეგისტრატორს აქვთ უფლება, ამომრჩეველს მოსთხოვონ პირადობის მოწმობა და მონაცემები დაამუშაონ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დამკვირვებლებს აქვთ ყველა პროცესზე დაკვირვების უფლება, თუმცა, ისე, რომ არ მოახდინონ ამომრჩევლის შეფერხება, პროცესისა და კომისიისათვის მუშაობის ხელის შეშლა,”- განაცხადა ანა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები იმართება. რიგგარეშე არჩევნებზე ხუთ მუნიციპალიტეტში – ხულოში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ჭიათურასა და მარნეულში ამომრჩევლებმა მერი უნდა აირჩიონ. გარდა მერის რიგგარეშე არჩევნებისა, 19 მაისს 8 მუნიციპალიტეტში – საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში საკრებულოს წევრთა შუალედური არჩევნებიც გაიმართება. შუალედური არჩევნები გაიმართება, ასევე, თბილისში, მთაწმინდის ოლქში, სადაც მოსახლეობამ საქართველოს პარლამენტის წევრი უნდა აირჩიოს.