10 საათისთვის არჩევნებზე ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოში იყო

831

შემდეგი სტატია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 10 საათისთვის რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებზე ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოში, ყველაზე დაბალი კი თბილისში, მთაწმინდის ოლქში დაფიქსირდა.

ცესკოს ცნობით, ხუთი ქალაქიდან, რომელშიც დღეს მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება, ამომრჩეველთა აქტივობა ასეთია:

ხულოში 24 123 ამომრჩევლიდან საარჩევნო უბნებზე 2 100 ამომრჩეველი, ანუ 8.7%-ია მისული; ზუგდიდში – 120 837 ამომრჩევლიდან – 9 734, ანუ ამომრჩეველთა 8.1%-ია მისული; ზესტაფონში 54 943 ამომრჩევლიდან ხმა უკვე მისცა 3 872-მა, ანუ ამომრჩეველთა 7%-მა; ჭიათურაში საკუთარი არჩევანი 42 896 ამომრჩევლიდან 2 862-მა ამომრჩეველმა, ანუ 6.7%-მა გააკეთა.

რაც შეეხება შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობას, საგარეჯოში 456 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 70-მა ამომრჩეველმა, ანუ 15.4%-მა უკვე მიიღო; ახმეტაში 1220 ამომრჩევლიდან 140 ამომრჩეველმა, ანუ 11.5% საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა; ადიგენში 1124 ამომრჩევლიდან 105 ამომრჩეველი, ანუ 9.3% არჩევნის გასაკეთებლად უკვე იყო საარჩევნო უბანზე; წყალტუბოში 4 215 ამომრჩევლიდან 353-მა ამომრჩეველმა, ანუ 8.4%-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა; ტყიბულში საკუთარი არჩევანი 3 563 ამომრჩევიდან საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა 246-მა ამომრჩეველმა, ანუ 6.9%-მა, ხოლო ოზურგეთში 5 089 ამომრჩევლიდან 323-მა ამომრჩეველმა, ანუ 6.3%-მა არჩევანი უკვე გააკეთა.

შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე 10 საათისთვის ყველაზე დაბალი აქტივობა თბილისში, მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იყო. აქ 43 908 ამომრჩევლიდან საარჩევნო უბნებზე 1752 ამომრჩეველი, ანუ 4% იყო მისული.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები იმართება. რიგგარეშე არჩევნებზე ხუთ მუნიციპალიტეტში – ხულოში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ჭიათურასა და მარნეულში ამომრჩევლებმა მერი უნდა აირჩიონ. გარდა მერის რიგგარეშე არჩევნებისა, 19 მაისს 8 მუნიციპალიტეტში – საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში საკრებულოს წევრთა შუალედური არჩევნებიც გაიმართება. შუალედური არჩევნები გაიმართება, ასევე, თბილისში, მთაწმინდის ოლქში, სადაც მოსახლეობამ საქართველოს პარლამენტის წევრი უნდა აირჩიოს.