ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარეს ზუგდიდში ჩასვლისკენ მოუწოდებს

126

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბი მოუწოდებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას, ჩამოვიდეს ზუგდიდში და აიღოს პირადი პასუხისმგებლობა არჩევნების კანონის ფარგლებში ჩატარებაზე, -განაცხადა ბრიფინგზე შტაბის წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

მისი თქმით, სწორედ ეს მუნიციპალიტეტია დღეს არჩევნების ეპიცენტრი, ადგილობრივი საოლქო საარჩევნო კომისიის იმედად კი ვერ იქნებიან, რადგან ის ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე პრაქტიკულად დისკრედიტირებულია.

“ამიტომ, ქალბატონი თამარ ჟვანია უნდა ჩამოვიდეს ზუგდიდში, დაჯდეს საოლქო საარჩევნო კომისიაში და აიღოს პირადი პასუხისმგებლობა, არჩევნების კანონის შესაბამისად ჩატარებაზე. ამ შემადგენლობის იმედად ვერ ვიქნებით”, – განმარტა მან.

ოპოზიციონერის თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ცესკოს შემუშავებული აქვს საოლქო კომისიასთან ერთად გეგმა, თუ რომელი კომისიის წევრების და დამკვირვებელთა გაძევება უნდა მოხდეს საარჩევნო უბნებიდან, რათა ჩამოაშორონ ისინი კენჭისყრის პროცესს და არჩევნებით “მანიპულირება” და ბიულეტენების გაყალბება გაუადვილდეთ. ლევან ბეჟაშვილი ითხოვს გამოქვეყნდეს ის პირობები, რომელი აქტის საფუძველზეც შესძლოა შეეხოთ კომისიის წევრებს გაძევება, და ამ პროცესში პოლიტიკური კონტექსტი გამოირიცხოს.

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის კიდევ ერთი ინფორმაციით, მმართველი პარტია ავალებს როგორც მასწავლებლებს, ისე საჯარო მოხელეებს, ბიულეტენების შემოხაზვის დროს, კაბინიდან გამოსვლის შემდგომ ეს ბიულეტენი კომისიის წევრს უჩვენონ, რაც კანონდარღვევაა.

მანვე მოუწოდა ამომრჩევლებს, საარჩევნო უბანზე მისვლის დროს ყურადღება მიაქციონ შემდეგ გარემოებას – მოხდეს ბიულეტენების კომისიის წევრების ხელმოწერით და ბეჭდით დადასტურება. ეს, ლევან ბეჟაშვილის განმარტებით იქნება ერთგვარი პრევენცია, არ ჩაითვალოს იმ ადამიანთა ხმები ბათილად, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილები, და რომელთა შესახებაც მმართველ პარტიას ინფორმაცია აქვს. მანვე აღნიშნა, რომ წინა არჩევნებზე ბევრი ბიულეტენი სპეციალურად სწორედ იმიტომ გაბათილდა, რომ არ მოხდა მათი დადასტურება ისე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს.

შტაბის წარმომადგენლის თქმით, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ 300-მდე ლაივ ვიდეო გაუწევს მონიტორინგს კენჭისყრის დღეს უბნებზე. ამას გარდა კი, გადაღებას დრონებიც უზრუნველყოფენ.

მან მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა ამომრჩევლებს, რადგან ფიქრობს, რომ სწორედ მსგავსი მობილიზება გახდება გამარჯვების საფუძველი.

ოპოზიციისგან განსხვავებით, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში ირწმუნებიან, რომ კენჭისყრის დღე მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაივლის.

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.